თელავის მერის მოადგილის, გიორგი ქართლელიშვილის ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ სტიქიამ ქალაქის ნაწილი დააზიანა, მუნიციპალიტეტი აქტიურად ახორციელებს სალიკვიდაციო და აღდგენით სამუშაოებს, რის გამოც რეგიონში ტურისტული ნაკადის შემცირებას მუნიციპალიტეტი არ ელოდება.
როგორც "ბიზნესპარტნიორთან" გიორგი ქართლელიშვილი განმარტავს, სტიქიით მიყენებული ზარალის ზუსტი ოდენობა ამ ეტაპზე უცნობია. ასევე, მუნიციპალიტეტს ჯერ არ აქვს ინფორმაცია, ჰქონდათ თუ არა დაზარალებულ ბიზნესებს შესაბამისი სადაზღვევო პოლისები.
"სტიქიის შედეგად დაზიანებულია მდინარის კალაპოტი, მიმდებარე გზები, აფთიაქები, მაღაზიები, ავერსის კლინიკა, საცხოვრებელი კორპუსები და კომერციული ფართები. უხვი ნალექის გამო ასევე დაზიანებულია მიმდებარე სოფლების ვენახებიც. ადგილზე მობილიზებულია მძიმე ტექნიკა და გაწმენდითი სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ დაზიანებები მაქსიმალურად მოკლე დროში აღმოვფხვრათ. ამ ეტაპზე, ზარალის ზუსტი ოდენობა არ ვიცით. ახლა ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სტიქიის შედეგების სწრაფი ლიკვიდაციაა. ზარალის დათვლის დასრულების შემდეგ მივიღებთ შესაბამის გადაწყვეტილებას, თუ როგორ დავუდგეთ გვერდით, როგორც ადგილობრივ მოსახლეობას, ისე კერძო ბიზნესს.
რაც შეეხება ტურიზმის სექტორს, მიუხედავად იმისა, რომ სტიქია მოხდა, მაქსიმალურად ვართ ჩართული აღდგენით სამუშაოებში, ამიტომ არ ვფიქრობ, რომ აღნიშნული ვიზიტორების რაოდენობაზე მნიშვნელოვან გავლენას მოახდენს. ამ ეტაპზე ქალაქში გადაადგილება უსაფრთხოა. მხოლოდ ერთ მონაკვეთზე მიმდინარეობს სამუშაოები. სხვა მიმართულებებით გზებზე გადაადგილების პრობლემა არ არის. ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის მიწოდება სრულად აღდგენილია. გარკვეული დროით შეფერხება იყო, თუმცა ახლა ყველა მომსახურება შეუფერხებლად მუშაობს. გაწმენდითი სამუშაოების დასრულების შემდეგ დაზიანებული ტერიტორიის სრული რეაბილიტაცია დაიწყება. მოვაწესრიგებთ ტერიტორიას და შესაბამის ინფრასტრუქტურულ სამუშაოებსაც განვახორციელებთ", - აცხადებს თელავის მერის მოადგილე.
შეგახსენებთ, რომ უხვი ნალექის შედეგად 12 ივლისს მდინარე თელავის ხევი ადიდდა. მოვარდნილი ღვარცოფი ქალაქის ქვედა ნაწილში მდებარე ხიდმა ვერ გაატარა, კალაპოტიდან გადმოსულმა მდინარემ კავკასიონისა და ალაზნის ქუჩები დატბორა. სტიქიის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლების სარდაფები, მაღაზიები, აფთიაქები, მიმდებარე ტერიტორიაზე არსებული ყველა სახელმწიფო და კომერციული ობიექტი.