ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის ორგანიზებით, თბილისში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების შესახებ საერთაშორისო სამედიცინო კონფერენცია გაიმართა.
კონფერენციამ გააერთიანა 10-ზე მეტი ევროპისა და მეზობელი ქვეყნების წამყვანი სპეციალისტები, რომლებიც აქტიურად მუშაობენ ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მიმართულებით, მათ შორის, დუშენის კუნთოვან დისტროფიასა (DMD) და სპინალურ-კუნთოვან ატროფიაზე (SMA). მოწვეული ექსპერტებს აქვთ თანამედროვე ნერვ-კუნთოვანი თერაპიების გამოყენების ფართო კლინიკური გამოცდილება. მათ ქართველ კოლეგებს საკუთარი ცოდნა გაუზიარეს და მატთან ერთად არსებული მკურნალობის მიდგომებზე იმსჯელეს.

„ბოლო ათწლეულში რევოლუციური ცვლილებები მოხდა ნერვ-კუნთოვან დაავადებებში. აქამდე ამ დაავადებების მკურნალობა არ არსებობდა, დღეს კი თითო დაავადებისთვის რამდენიმე მედიკამენტი გაჩნდა, რომელთა დახმარებითაც, შესაძლებელია პაციენტებისთვის ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესება და სიცოცხლის გახანგრძლივება. იმედი გვაქვს, ამ მედიკამენტის გამოყენების საშუალება საქართველოში მცხოვრებ პაციენტებსაც ექნებათ. ამიტომ, ვცდილობთ, მოვისმინოთ იმ კოლეგების გამოცდილება, ვინც ეს თერაპიები უკვე ჩაატარა,“ - განაცხადა ბავშვთა ნევროლოგთა და ნეიროქირურგთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ბავშვთა ნევროლოგმა ნანა ტატიშვილმა.
„კონფერენციაზე შევიკრიბეთ იმისთვის, რომ ვისაუბროთ ორ დაავადებაზე - სპინალურ-კუნთოვან ატროფიასა და დუშენის კუნთოვან დისტროფიაზე. ეს ის ორი დაავადებაა, რომლის საწინააღმდეგოდაც არსებობს მსოფლიოში მკურნალობა. ვისაუბრეთ იმ გამოწვევებზე, რომლის წინაშეც იყვნენ ადრე სხვა ქვეყნები და დღეს კი ჩვენ გავდივართ ამ გზას. სკა-ს მკურნალობა უკვე შესაძლებელია საქართველოში, თუმცა დკდ-ს პრეპარატებით ჩვენს პაციენტებს ჯერ ვერ მკურნალობთ. უცხოელი კოლეგების გამოცდილება დაგვეხმარება, გადავლახოთ ის გამოწვევები, რომლის წინაშეც დღეს ჩვენი ქვეყანა დგას. მაქსიმალურად უნდა გავაფართოვოთ მკურნალობის არეალი და ჩვენს პაციენტებს უნდა ჰქონდეთ საშუალება, მიიღონ თანამედროვე და ინოვაციური თერაპიები,“ - აღნიშნა იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ნევროლოგიური განყოფილების ხელმძღვანელმა, თეონა შათირიშვილმა.

ღონისძიებაზე, უმეტესად განიხილეს ნერვ-კუნთოვანი დაავადებების თანამედროვე მკურნალობის მეთოდები. კონფერენციის პირველი დღე დაეთმო დუშენის კუნთოვან დისტროფიას. საერთაშორისო ექსპერტებმა კოლეგებს გაუზიარეს პრაქტიკული გამოცდილება და განიხილეს უახლესი თერაპიული მიდგომები, რომლებიც უკვე გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში, როგორც სტანდარტული კლინიკური პრაქტიკის ნაწილი.
„უკვე არსებობს თერაპიები დუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და სპინალურ-კუნთოვანი ატროფიისთვის, თუმცა ეს თერაპიები ზოგიერთ ქვეყანაში ხელმისაწვდომია, ზოგიერთში კი - არა. შემდეგ ეტაპზე, ჩვენ ეს ყველაფერი უნდა განვიხილოთ კანონმდებლებთან, მათთან, ვინც უშუალოდ თანხა უნდა გადაიხადოს. ჩვენ შეგვიძლია ისინი დავარწმუნოთ, რომ ეს თერაპიები ხელმისაწვდომი უნდა იყოს ყველა პაციენტებისთვის,“ - განაცხადა ბავშვთა ნევროლოგმა და პროფესორმა, მარია ჯუდიტ მოლნარმა.
დუშენის კუნთოვანი დისტროფიისა და სპინალურ-კუნთოვანი ატროფიის მკურნალობისთვის, რამდენიმე სახის თერაპია უკვე დამტკიცებული და რეგისტრირებულია საქართველოშიც. აღნიშნული თერაპიები ფართოდ გამოიყენება ევროპაში და მათი უსაფრთხოება და ეფექტიანობა დადასტურებულია როგორც კლინიკურ კვლევებში, ასევე - რეალურ კლინიკურ პრაქტიკაში.
განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ეგზონის გამოტოვების თერაპიას, რომელიც თანამედროვე მედიცინაში ერთ-ერთ მნიშვნელოვან მიღწევად მიიჩნევა. აღნიშნული თერაპია უკვე წლებია გამოიყენება სხვადასხვა ქვეყანაში და მას 1000-ზე მეტი პაციენტი იღებს.

„ჩვენ, ჩვენს ცენტრში გვაქვს გამოცდილება და ვიყენებთ ეგზონის გამოტოვების თერაპიას. გვყავს 5 პაციენტი, რომელმაც ეს თერაპია მიიღო და დიახ, განსხვავება ნამდვილად არის. ამ პაციენტებმა მიიღეს ეს თერაპია და არიან უფრო ძლიერები, ბედნიერები,“ - აღნიშნა პროფესორმა მადალინა ლეანკამ.
მოწვეული ექსპერტები წარმოადგენენ იმ ქვეყნებს, სადაც მკურნალობის ეს მეთოდები უკვე ინტეგრირებულია ყოველდღიურ კლინიკურ პრაქტიკაში. მათ მიერ გამოცდილების გაზიარება ხელს შეუწყობს საქართველოში ნერვ-კუნთოვანი დაავადებების მართვის გაუმჯობესებას და თანამედროვე თერაპიებზე ხელმისაწვდომობის ზრდას.
კონფერენციის მეორე დღე დაეთმო სპინალურ-კუნთოვან ატროფიას. ექსპერტებმა განიხილეს დიაგნოსტიკისა და დაავადების მართვის არსებული გამოწვევები და ისაუბრეს მკურნალობის თანამედროვე მიდგომებზე. საქართველოში სკა-ს მქონე პაციენტებს უკვე აქვთ წვდომა თანამედროვე მკურნალობის მეთოდებზე, მაშინ როდესაც დუშენის კუნთოვანი დისტროფიის მქონე პაციენტები კვლავ ელოდებიან სახელმწიფოს გადაწყვეტილებას, მკურნალობის ხელმისაწვდომობის შესახებ.
კონფერენციის პროგრამა მოიცავდა სამეცნიერო ლექციებს, ექსპერტულ დისკუსიებსა და პროფესიული გამოცდილების გაზიარების შესაძლებლობებს, რაც მიზნად ისახავდა თანამშრომლობის გაძლიერებასა და პაციენტთა მოვლის ხარისხის გაუმჯობესებას. კონფერენციაზე განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა იმაზე, რომ აუცილებელია, მსოფლიოს ყველა ქვეყანაში, მათ შორის, საქართველოში მცხოვრებ პაციენტებსაც დროულად და თანაბარ პირობებში მიეცეთ წვდომა თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის მკურნალობის მეთოდებზე.