logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

თუ ადრე უცხოელი სტუდენტების მხრიდან მხოლოდ აკადემიური განათლება იყო მოთხოვნადი, ახლა ისინი პროფესიული სწავლებითაც ინტერესდებიან - კოლეჯი "სპექტრი"

ქართულ პროფესიულ სასწავლებლებში უცხოეთის მოქალაქეების მიმართვიანობა იზრდება.

როგორც „ბიზნესპარტნიორს“ კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა, მათე ტაკიძემ განუცხადა, თუ ადრე უცხოელი სტუდენტების მხრიდან მხოლოდ აკადემიური განათლება იყო მოთხოვნადი, ახლა ისინი პროფესიული სწავლებითაც ინტერესდებიან.

„სასწავლო პროგრამებზე მოთხოვნა ძირითადად, აზიური სახელმწიფოებიდან არსებობს, ასევე მაღალია ინტერესი აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებიდან. ამ ეტაპისთვის, მაგალითად, ჩვენ გვყავს სტუდენტები აზერბაიჯანიდან. უცხოელები ჯერ ქართული ენის მოდულს გადიან, შემდგომ კი - კონკრეტული პროფესიის შესწავლას იწყებენ“, - განმარტა მათე ტაკიძემ.

მისივე განმარტებით, პროფესიულ სასწავლებლებში უცხოელი სტუდენტების რაოდენობის ზრდა მნიშვნელოვანი იქნება როგორც თვითონ კოლეჯების განვითარებისთვის, ასევე ქვეყნის ეკონომიკისთვის.

„უცხოელებისთვის, რომლებიც საქართველოს მოქალაქეები არ არიან, კოლეჯებში სწავლა უფასო არ არის, შესაბამისად, მათ მოუწევთ სწავლის საფასურის გადახდა, ამ თანხებით კი პროფესიული სასწავლებლები რეინვესტირებას მოახდენენ“, - აღნიშნა კოლეჯ „სპექტრის“ დირექტორმა.

მისივე თქმით, საგრძნობლად არის გაზრდილი კოლეჯებში ადგილობრივების მიმართვიანობაც.

„მიღება წელიწადში ორჯერ ცხადდება, გაზაფხულსა და შემოდგომაზე და ბოლო წლებში, თითქმის ყველა პროგრამაზე საჭირო ხდება კონკურსის გამოცხადება, ვინაიდან მოთხოვნა მიწოდებას მნიშვნელოვნად აჭარბებს“, - განაცხადა მათე ტაკიძემ.

მისივე ინფორმაციით, პროფესიული სწავლებით, ძირითადად, 16-დან 25 წლამდე ახალგაზრდები ინტერესდებიან, რომლებიც ორიენტირებულნი არიან საჭირო ცოდნის მოკლე ვადებში მიღებით და მალევე, მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნით. თუმცა, არსებობს სასწავლო პროგრამები, სადაც ასევე ძალიან მაღალია საშუალო ასაკის ადამიანების მიმართვიანობა.

ყველაზე მაღალ მოთხოვნადი პროფესია კი სამშენებლო ინჟინერიაა.

ცნობისთვის, პროფესიულ სასწავლებლებზე მოთხოვნის ზრდას ქართულ შრომის ბაზარზე არსებული სპეციალისტების დეფიციტიც განაპირობებს, რის გამოც, თავად ბიზნესსექტორიც ჩართულია სხვადასხვა კოლეჯების საქმიანობაში და მათთან ერთად ადგენს სასწავლო პროგრამებს, რათა საბოლოო ჯამში, მისთვის საჭირო კადრები მიიღოს.

ამ ფაქტორების გათვალისწინებით, 2025 წელს კოლეჯებში ჩარიცხულთა რაოდენობა თითქმის 20 ათასამდე გაიზარდა, რაც წინა წელთან შედარებით 15%-იანი ზრდა იყო. მიმდინარე წელს, კოლეჯებში ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაუმჯობესებას ელიან.

გამოგვყევით