logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"გვინდა, თითოეულმა ბავშვმა საკუთარი პირველი ნერგი დარგოს და ამ გამოცდილებით ადრეული ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა"

"გვინდა, თითოეულმა ბავშვმა საკუთარი პირველი ნერგი დარგოს და ამ გამოცდილებით ადრეული ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა"

1789734220

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი საქართველოს მთავრობის ინიციატივის „ჩემი პირველი ნერგი“ განხორციელებაში აქტიურად ერთვება. პროექტი 31 აგვისტოს საქართველოს პრემიერ-მინისტრის განკარგულებით დამტკიცდა და მის ფარგლებში, თბილისსა და საქართველოს 10 რეგიონში, სხვადასხვა ტერიტორიაზე,  41 000-ზე მეტი  პირველკლასელისთვის დარგვაა დაგეგმილი.

გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორის, თამთა დევდარიანის განცხადებით, პროექტის მთავარი მიზანი ბავშვების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება და ბუნებისადმი მზრუნველი და პასუხისმგებლიანი დამოკიდებულების ადრეული ასაკიდან ჩამოყალიბებაა.

„ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივა, რომელიც ბავშვებს გარემოზე ზრუნვის პროცესში პრაქტიკულად ჩართვის შესაძლებლობას აძლევს. გვინდა, თითოეულმა ბავშვმა საკუთარი პირველი ნერგი დარგოს, იზრუნოს მასზე და ამ გამოცდილებით ადრეული ასაკიდანვე გაიაზროს, რომ გარემოზე ზრუნვა თითოეული ადამიანის პასუხისმგებლობაა. ვფიქრობთ, ასეთი გამოცდილება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ბავშვი თავად ხდება პროცესის მონაწილე და გარემოსდაცვითი პასუხისმგებლობის მნიშვნელობას არა მხოლოდ თეორიულად, არამედ პრაქტიკულადაც შეიგრძნობს“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.

პროექტი 22 ოქტომბერს, ხის დარგვის საერთაშორისო დღის ფარგლებში დაიწყება და ერთი თვის განმავლობაში გაგრძელდება. ღონისძიებები საქართველოს მასშტაბით, რეგიონებისა და მუნიციპალიტეტების სპეციფიკის გათვალისწინებით, შესაბამისი გრაფიკის მიხედვით განხორციელდება.

პროექტი მხოლოდ ნერგის დარგვით არ შემოიფარგლება და მას საინფორმაციო-საგანმანათლებლო კამპანია ახლავს. ბავშვებისთვის დაგეგმილია სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობა, მომზადებულია შემეცნებითი ვიდეორგოლი და ბუკლეტი. თითოეულ ბავშვს ასევე ექნება შესაძლებლობა, შეავსოს საკუთარი ნერგის პასპორტი, რომელიც მისთვის ამ მნიშვნელოვანი დღის სამახსოვრო გახდება.

პროექტის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტი ციფრული პლატფორმაა, რომლის მომზადებაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ მიმდინარეობს. პლატფორმა საქართველოს რუკას მოიცავს, სადაც მოსწავლეებს, მშობლებსა და პედაგოგებს შესაძლებლობა ექნებათ, ინფორმაცია დარგული ნერგის შესახებ განათავსონ და მომავალში მის ზრდასა და განვითარებას დააკვირდნენ.

„პროექტი აერთიანებს ბავშვებს, მათ მშობლებსა და პედაგოგებს და სწორედ ეს არის მისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ღირებულება. გარემოზე ზრუნვა ბავშვებისთვის მხოლოდ თეორიული ცოდნა არ უნდა იყოს, მათ უნდა ჰქონდეთ ბუნებასთან უშუალო ურთიერთობისა და მასზე ზრუნვის გამოცდილება. ძალიან მნიშვნელოვანია, თითოეულმა პატარამ და თითოეულმა ჩვენგანმა კიდევ ერთხელ დავფიქრდეთ, რამდენად მნიშვნელოვანია გარემოზე ზრუნვა. მსგავსი პრაქტიკა სხვადასხვა ქვეყანაში უკვე არსებობს და ჩვენც გვინდა, ეს გამოცდილება საქართველოში კიდევ უფრო გავაძლიეროთ. მე ნამდვილად მჯერა და მაქვს მოლოდინი, რომ გავა წლები და საქართველოს რუკას სრულად გამწვანებულს ვნახავთ“, - განაცხადა თამთა დევდარიანმა.

გამოგვყევით