logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მეღვინეობა "მელიტონი" ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაფართოვდა

მეღვინეობა "მელიტონი", რომელიც ქვემო რაჭაში, სოფელ კვაცხუთში მდებარეობს ინფრასტრუქტურული მიმართულებით გაფართოვდა. როგორც ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი, გიორგი სხირტლაძე "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნავს,  სივრცეს 100 საწოლიანი აუზი დაემატა.

გიორგი სხირტლაძის ინფორმაციით, მეღვინეობა მომხმარებლების სურვილიდან გამომდინარე გაფართოვდა და პირველ სტუმრებს ზაფხულში მიიღებს. 

ტურისტული ობიექტის დამფუძნებელი წარმადობის შესახებაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ წელიწადში ჯამში 30 000 ბოთლი ღვინის რეალიზაცია ხდება.

"ტურისტული კუთხით გავფართოვდით, კერძოდ, აუზი ავაშენეთ და უკვე ზაფხულიდან გამაგრილებელი მეღვინეობა გავხდებით, სადაც ერთ სივრცეში თავმოყრილი, სხვადასხვა, ობიექტი იქნება: მეღვინეობა, გამაგრილებელი და კულინარიული  სივრცე. ამ ეტაპზე, სასტუმრო არ გვაქვს. ზოგადად, ქვემო რაჭა, სადაც მეღვინეობა გვაქვს სეზონურად ძალიან ცხელი ადგილია და შესაბამისად, ვიზიტორების მოთხოვნას ადეკვატურად ვუპასუხეთ.

ვენახი 3 ჰექტარი გვაქვს. ჯიშებს, რაც შეეხება, სხვადასხვა, ტიპის ღვინოს ვამზადებთ: "ხვანჭკარა", "ალექსანდროული", "წულუკიძის თეთრა", "ცოლიკაური" მოკლედ, ძირითადად ორიენტირებული დასავლურ ჯიშებზე ვართ. მომხმარებლებში განსაკუთრებით პოპულარული "ხვანჭკარა" გახლავთ. 

წარმოდგენილი ადგილობრივ ღვინის მაღაზიებში ვართ, მაგალითად, 8 000 მოსავალში, გუდვილში. ერთი ბოთლის ფასის დიაპაზონი 23-დან 45 ლარამდე მერყეობს. ამასთან, ლოკალური ბაზრის გაფართოებაზე აქტიურად ვმუშაობთ, თუმცა ამჟამად, დამატებითი დეტალების თქმა გამიჭირდება.

მარანში ვიზიტორებს აქტიურად ზაფხულიდან მივიღებთ. აზიელ ტურისტებს, რაც შეეხება საუბარი გამიჭირდება, რადგან ჯერჯერობით, აზიელი ვიზიტორები არ გვყოლია. ზოგადად, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მომხმარებელთა რაოდენობა გაიზარდა. გასული წლები უფრო სტრესული იყო, გარემო პირობები სახარბიელო არ გახლდათ, ამასთან, სოციალურ ქსელში აქტიური მარკეტინგული ჩართულობა, მომხმარებლების რაოდენობის ზრდის ტემპზე პოზიტიურად მოქმედებს. დრო გადის და კმაყოფილი მომხმარებლების რაოდენობაც იზრდება", - აღნიშნავს მეღვინე.

გიორგი სხირტლაძე საექსპორტო ბაზრის მიმართულებითაც საუბრობს და ხაზს უსვამს, რომ ამჟამად, ღვინის რეალიზაცია დიდ ბრიტანეთში, ჰოლანდიაში, გერმანიაში, ჩეხეთში, ესპანეთში ხდება.

"მთლიანი გაყიდვების საექსპორტო წილი წელიწადში 30%-ია. ამ ეტაპზე, აღნიშნული მიმართულებით გაფართოებას არ ვგეგმავთ", - აცხადებს მეღვინე.

მეღვინეობა "მელიტონი", რომელიც ქვემო რაჭაში, სოფელ კვაცხუთში მდებარეობს ადგილობრივ ბაზარზე 2023 წლიდან ოპერირებს.

გამოგვყევით