ქვეყანაში ფსტას მოსავლის აღება დასრულდა. ფერმერები ამბობენ, რომ წელს, ჯამში, 100 ტონამდე პროდუქტი მიიღეს, რომელიც მაღალი ხარისხით გამოირჩევა.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ საქართველოს ფსტას ასოციაციის თავმჯდომარემ, ოთარ ანგურიძემ განუცხადა, ქვეყანაში ფსტას ბაღების ფართობები იზრდება, მზარდია ამ კულტურის მოყვანით დაინტერესებული ფერმერების რიცხვიც.
„თუ გასულ წელს ქვეყანამ მოსავლის სახით, 20-დან 30 ტონამდე ფსტა მიიღო, წელს რაოდენობამ 100 ტონას გადააჭარბა. ფერმერების ინფორმაციით, გაზრდილი მოსავლიდან გამომდინარე, განიხილება ქართული ფსტას როგორც ადგილობრივ მარკეტებში რეალიზება, ისე ექსპორტი“, - აღნიშნა ოთარ ანგურიძემ.
მისივე ინფორმაციით, პოტენციურ საექსპორტო ბაზრებად ევროკავშირის ქვეყნები განიხილება.
„აქ მოსახლეობა მაღალმსყიდველუნარიანია. გარდა ამისა, ევროპაში ექსპორტს ხელს შეუწყობს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმებაც. მოლოდინი გვაქვს, რომ უცხოურ ბაზრებზე ქართული ფსტა მაღალ საფასო სეგმენტში მოხვდება, რასაც მისი კარგი ხარისხი და გემოვნური თვისებები განაპირობებს“, - განაცხადა საქართველოს ფსტას ასოციაციის თავმჯდომარემ.
მისივე თქმით, თხილისა და კაკლისგან განსხვავებით, ფსტას საერთაშორისო ფასები მერყეობით არ გამოირჩევა, შესაბამისად, მათი სტაბილურობა განსაზღვრავს ამ პროდუქტის გრძელვადიან საინვესტიციო პოტენციალს. ამჟამად, 1 კილოგრამის საშუალო ფასი 10 დოლარის ფარგლებშია და ხარისხის მიხედვით, ეს ფასი მზარდია.
შეგახსენებთ, საქართველოში ფსტას წარმოებას სულ 7-8 წლის ისტორია აქვს. ამჟამად, ქვეყანაში ფსტას ბაღები 1000-ზე მეტ ჰექტარზეა გაშენებული და ეს ფართობები ყოველწლიურად იზრდება. დარგის ექსპერტების შეფასებით, საქართველოში ფსტას წარმოებისთვის განსაკუთრებით პირობები შემდეგ სამ რეგიონშია - კახეთი, ქვემო ქართლი და შიდა ქართლი.