ნიუ იორკში და ლოს-ანჯელესში უკვე ყველა თავმოყვარე ღვინის ბარი თვლის, რომ მენიუში ქართული ღვინო უნდა ჰქონდეს და აქვთ კიდეც, - ამის შესახებ ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ ლევან მეხუზლამ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, აშშ-ში ქართული ღვინო საკმაოდ წარმატებულად და კარგად არის წარმოდგენილი, მათ შორის, HoReCa სექტორშიც.
ლევან მეხუზლას ცნობით, ქართულ ღვინოს აქვს პოტენციალი, რომ ნებისმიერი სეგმენტის მომხმარებლის მოთხოვნა დააკმაყოფილოს.
"აშშ-ის HoReCa სექტორი მზად არის განსახვავებულ გემოში პრემიუმ ფასი გადაიხადოს. გლობალურად რომ შევხედოთ, ქართული ღვინო ამ ეტაპზე საშუალო ფასით (1 ლიტრზე დაახლოებით 3 დოლარი) მეშვიდე ადგილზეა. აშშ-ში კი, 1 ლიტრის ფასი 5 დოლარზე მეტია. აქედან ნათლად ჩანს, რომ აშშ-ის ბაზარი მზად არის პრემიუმ ფასი გადაიხადოს. მაგალითად, პოლონეთში 1 ლიტრი ღვინის ფასი 3 დოლარზე დაბალია, რადგან ქართული ღვინო მასიურად სუპერმარკეტებში იყიდება.აღსანიშნავია, რომ ზოგადად, სავაჭრო ქსელები ფასის მიმართ ძალიან მგრძნობიარეები არიან", - აცხადებს ლევან მეხუზლა.
მისივე განცხადებით, ქართულ ბაზარზე უკვე ჩნდება ღვინოები, რომლებსაც პრეტენზია აქვთ, რომ ბურგუნდიულ და ბორდოს საუკეთესო ნიმუშებს კონკურენცია გაუწიონ.
ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის შეფასებით, მომდევნო წლები ქართული ღვინისთვის წარმატებული იქნება.