logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ქართული ნუში, შესაძლოა, ექსპორტზე გერმანიაში გავიდეს" - ნიკო ნიკოლაძე

ქართული ნუში, შესაძლოა, ექსპორტზე გერმანიაში გავიდეს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკო ნიკოლაძემ განუცხადა, აღნიშნულ ქვეყანაში, სატესტო რეჟიმში, რამდენიმე კონტეინერი უკვე გაიგზავნა.

„ქართულ ნუშზე, მისი ხარისხიდან და გემოვნური თვისებებიდან გამომდინარე, მაღალია ინტერესი სხვა ქვეყნების მხრიდანაც. წელს, ქართული ნუში ექსპორტზე მეზობელ ქვეყნებშიც გავა“, - განმარტა ნიკო ნიკოლაძემ.

მან ადგილობრივ ბაზარზე არსებულ მოთხოვნაზეც გაამახვილა ყურადღება.

„წლიდან წლამდე, საქართველოში ნუშის მოხმარება იზრდება. შეიძლება ითქვას, რომ ადგილობრივი წარმოება სრულად აკმაყოფილებს ჩვენს ბაზარზე არსებულ მოთხოვნას. დღეისათვის, ქართული ნუში თითქმის ყველა სავაჭრო ქსელშია შესული და მაღალ კონკურენციას უწევს იმპორტირებულ პროდუქტს“, - აღნიშნა ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა.

მისივე თქმით, საქართველოში ნუშის იმპორტი, ძირითადად, აშშ-დან ხორციელდება, თუმცა ადგილობრივი მომხმარებელი უპირატესობას ქართულ ნუშს ანიჭებს.

„რაც შეეხება მიმდინარე წლის მოსავლიანობას, ველოდებით, რომ 4000 ტონამდე გაუტეხელ ნუშს მივიღებთ, რაც გასულ წელთან შედარებით, გაზრდილი მაჩვენებელი იქნება. ამჟამად, ქვეყანაში ნუშის აღების პროცესი აქტიურ ფაზაშია შესული და მოსავლის 80% უკვე დაბინავებულია“, - განაცხადა ნიკო ნიკოლაძემ.

ცნობისთვის, ამჟამად, საქართველოში ნუშის ბაღები 3000 ჰექტარზეა გაშენებული.

გამოგვყევით