საქართველოს მთავრობის, ევროკავშირისა და გაეროს მხარდაჭერით გარემოს ეროვნული სააგენტოს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელს გარდაბნის მუნიციპალიტეტის სოფ. თაზაქენდში ახალი ავტომატური სადგური დაემატა. მიმდინარე წლის ბოლომდე ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელი კიდევ 9 ავტომატური სადგურით გაფართოვდება.
ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის ხელშეწყობა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროგრამის ნაწილია, რომელსაც გაეროს სააგენტოები ავსტრიის გარემოს სააგენტოსთან თანამშრომლობით ახორციელებენ.
„ბოლო ათი წლის მანძილზე, საქართველოს მთავრობამ, ეროვნული კანონმდებლობისა და საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ქსელის გაფართოვებისა და თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვის მიმართულებით. ჩვენი პრიორიტეტია ჰაერის ხარისხის მართვის გაძლიერება ზუსტი მონაცემების, მიზანმიმართული ქმედებებისა და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლების გზით, რაც საქართველოს ყველა მოქალაქისთვის უფრო ჯანსაღ გარემოს შექმნის“, - განაცხადა გარემოს ეროვნული სააგენტოს უფროსის პირველმა მოადგილემ თამარ შარაშიძემ.
ბოლო წლებში, საქართველოს ხელისუფლებამ ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მართვის მიმართულებით არაერთი მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადადგა, როგორც საკანონმდებლო სფეროში, ისე პრაქტიკული ღონისძიებების გატარების კუთხით. განსაკუთრებით ხაზგასასმელია საერთაშორისო თანამეგობრობის მხარდაჭერა, რომელიც მიმართულია აღნიშნული კუთხით ქვეყნის შესაძლებლობების გაძლიერებაზე.
„ევროკავშირი ხელს უწყობს საქართველოში ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის გაუმჯობესებას, დაბინძურების წყაროების გამოვლენას და ადამიანის ჯანმრთელობის დაცვას, განსაკუთრებით მაღალი რისკის ადგილებში. იქ, სადაც ჰაერი სუფთაა, ადამიანის ჯანმრთელობა უკეთესია, მკურნალობის ხარჯი ნაკლებია, ხოლო ცხოვრების ხარისხი უფრო მაღალია“, - აღნიშნა საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის განვითარებისა და თანამშრომლობის განყოფილების ხელმძღვანელმა, ნიკოლას სენდროვიჩმა.
აღსანიშნავია, რომ ქვეყნის მასშტაბით უკვე ფუნქციონირებს ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგის 18 სადგური, რომელთა საშუალებით ხორციელდება ატმოსფერული ჰაერის ხარისხის უწყვეტი მონიტორინგი თბილისში, რუსთავში, ბათუმში, ქუთაისში, თელავში, ახალციხეში, მესტიასა და ზუგდიდში. სადგურებიდან მიღებული მონაცემები ონლაინ ხელმისაწვდომია ატმოსფერული ჰაერის ხარისხის პორტალზე - www.air.gov.ge.
ღონისძიებას გარემოს ეროვნული სააგენტოს, ევროკავშირის, გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP), ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციისა (WHO) და გარდაბნის მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.