საქართველოში, წელს ნუშის მოსავალი, სავარაუდოდ, 25-30%-ით გაიზრდება, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორს“ ნუშისა და კაკლის მწარმოებელთა ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს წევრმა, ნიკო ნიკოლაძემ განუცხადა. მისივე ინფორმაციით, გაუტეხავი ნუშის საპროგნოზო მოსავალი 5 ათასიდან 6 ათას ტონამდეა.
„თუ კლიმატურმა პირობებმა არ შეუშალა ხელი ფერმერებს და კარგი ამინდები იყო, სავარაუდოდ, ზუსტად ამ მოცულობის მოსავალს ელის ჩვენი ინდუსტრია მიმდინარე წელს. აღსანიშნავია, რომ წლიდან წლამდე, საქართველოში ნუშის როგორც მოსავალი, ისე მისი ხარისხი მზარდია. დღევანდელი მონაცემებით, ჩვენს ქვეყანაში ნუშის ბაღები 6 ათას ჰექტარზეა გაშენებული, უმეტესად, აღმოსავლეთ საქართველოში, ვინაიდან ქვემო და შიდა ქართლში, ასევე კახეთში, მაღალი ხარისხის ნუშის წარმოებისთვის შესაბამისი ნიადაგი და კლიმატური პირობებია“, - აღნიშნა ნიკო ნიკოლაძემ.
მისივე განმარტებით, ამჟამად, ქვეყანაში ნუშის 5-6 ჯიშია გავრცელებული. ძირითადად, საუბარია ევროპულ ჯიშებზე, უფრო კონკრეტულად კი საქართველოში ყველაზე კარგად ხმელთაშუა ზღვის აუზის ქვეყნებში წარმოშობილი ნუშის ჯიშები ხარობს.
ცნობისთვის, ნუშის მოსავლის აღების პროცესი აგვისტოდან დაიწყება და ოქტომბრის ბოლომდე გაგრძელდება. საქართველოში, კომერციული მიზნით, ნუშის ბაღების გაშენება 2016-2017 წლებში დაიწყო.