პროფესიული განათლების მიმართულებით დაინტერესება მზარდია. 2025 წლის სტატისტიკას, რომ გადავხედოთ 20%-ით არის გაზრდილი დაინტერესებულთა რაოდენობა, - ამის შესახებ Skillwill-ის დამფუძნებელმა გიორგი მარიამიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, 2025 წელი Skillwill-ისთვის გამორჩეული იყო, რადგან კოლეჯმა ავტორიზაცია მოიპოვა და უკვე წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე ბათუმში, რაც კომპანიის განვითარებისთვის მნიშვნელოვანი ეტაპი იყო.
"აღსანიშნავია, რომ 2025 წელს ჩვენ ასევე, მოვიზიდეთ საკმაოდ სოლიდური ინვესტიცია გლობალური წამყვანი ტექნოლოგიური კომპანია Tether-დან, რაც საშუალებას მოგვცემს სამომავლოდ უფრო მოვუმატოთ განვითარების ტემპებს და უფრო ფართო საზოგადოებას შევთავაზოთ ტექნოლოგიური განათლება.
რაც შეეხება პროგრამებს - ჩვენი მთავარი მიმართულებაა ტექნოლოგიები და ამ კუთხით ვართ ორიენტირებულები. სტუდენტებს ძალიან საინტერესო პროგრამებს ვთავაზობთ, მათ შორის, ვებ-ტექნოლოგიების მიმართულებით, კომპიუტერული ქსელების და სისტემების ადმინისტრირების მიმართულებით და ასევე, გვაქვს გრაფიკული დიზაინის პროგრამა და სხვ.
ჩვენ ამ ეტაპზე, 1350 სტუდენტის ადგილი გვაქვს და მომავალ წელს, კიდევ ვაპირებთ თბილისში მინიმუმ 2 ლოკაცია დავამატოთ. ის ინვესტიცია, რომელიც ვახსენე დამატებით საშუალებას გვაძლევს, რომ საქართველოს მასშტაბით ყველა რეგიონალურ ცენტრში ვიყოთ წარმოდგენილი. დამატებით, ვმუშაობთ დარგის და განათლების სამინისტროს ექსპერტებთან ერთად, რომ ახალი პროფესიული სტანდარტები შევიმუშაოთ, რაც საშუალებას მოგვცემს დაინტერესებულ პირებს დამატებითი საგნები და პროგრამები შევთავაზოთ", - აცხადებს გიორგი მარიამიძე.