ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე ამბობს, რომ საზოგადოების დიდი ნაწილი აბსოლუტურად გათვიცნობიერებულია და უკვე დაინტერესებულია, რომ ტექნოლოგიური ეკოსისტემის ნაწილი გახდეს.
„ჩვენს ბოლო კონკურსზე, რომელიც ეხებოდა საინფორმაციო ტექნოლოგიების სპეციალისტების გადამზადებას, 1000 ადგილზე გვქონდა გამოცხადებული კონკურსი და 31 ათასზე მეტი განაცხადი მივიღეთ. ასეთი მაღალი კონკურსი 1000 ადგილზე საერთოდ უპრეცედენტოა“, - ამის შესახებ ავთანდილ კასრაძემ „ბიზსნეპარტნიორის“ ღამის ეთერში განაცხადა.
მისი თქმით, არც ერთ კონკურსში, რაც კი სახელმწიფოს, ან უნივერსიტეტს, სკოლებს ჩაუტარებიათ, ასეთი დიდი დაინტერესება არ ყოფილა.
„ამასთან ერთად, ძალიან მნიშვნელოვანია განათლების რეფორმა, რომელიც ახლა მიმდინარეობს, როდესაც უნივერსიტეტებში, პროფესიულ კოლეჯებში ხდება გადანაწილება და დიდი ცვლილებები, რომ ასეთი ტიპის პროფესიებზე, რაც მოთხოვნადია, იყოს შესაბამისი ადგილები“, - განმარტა ავთანდილ კასრაძემ.
მისივე ინფორმაციით, საინფორმაციო ტექნოლოგიების მიმართულებით, ვინმე რომ მოთხოვნადი კადრი იყოს, ერთთვიანი, ორთვიანი და სამთვიანი გადამზადება საკმარისი არ არის.
„ამას სჭირდება პროფესიული განვითარება. სულ სხვა სიტუაცია იყო 5-10 წლის წინ, როდესაც დამწყები სპეციალისტებიც მოთხოვნადი იყო ბაზარზე. დღეს, არც ერთ კომპანიას თითქმის არ სჭირდება დამწყები სპეციალისტები გამომდინარე იქიდან, რომ უბრალოდ ხელოვნური ინტელექტი განვითარდა ისეთ დონეზე, რომ ის ასრულებს მარტივ ოპერაციებს. შესაბამისად, ჩვენი პოლიტიკა საგანმანათლებლო მიმართულია იმისკენ, რომ ქართველი სპეციალისტები იყვნენ მაღალკვალიფიციურები და ძალიან რთული საინფორმაციო ტექნოლოგიების გადაწყვეტების შექმნა შეეძლოთ, როგორსაც ქმნიან ნიუ-იორკში, ლონდონში, სან-ფრანცისკოში“, - აღნიშნა ავთანდილ კასრაძემ.
როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარემ განმარტა, ამ კუთხით განვითარებისთვის ძალიან მნიშვნელოვანია საქართველოში ისეთი ტექნოლოგიური გიგანტი კომპანიის შემოსვლა, როგორიც Tether-ია.