Tether-ის საქართველოში შემოსვლა სხვა ინვესტორებისთვის წამახალისებელია, - ამის შესახებ ICT ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ თორნიკე სულაბერიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ის ფაქტი, რომ მსგავსი სახის დიდი კომპანია ქვეყანა შემოდის ნიშნავს იმას, რომ მასთან ერთად ძალიან მალე სხვა კომპანიებიც შემოვლენ.
"ყოველთვის ვამბობდი, რომ იმისათვის საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების შემდეგ ეტაპზე გადავიდეს აუცილებელია ის, რომ მოვიზიდოთ გიგანტი ტექნოლოგიური კომპანიები, რაც გარკვეულწილად განხორციელდა. ის ფაქტი, რომ Tether-ი საქართველოში შემოდის არის წინ გადადგმული ნაბიჯი. ეს კომპანია სადაც შედის, იქ ინვესტიციებს ახორციელებს არა მხოლოდ სტარტაპ ეკოსისტემაში, არამედ თანმდევ ეკოსისტემებში და მოგეხსენებათ, ეს ერთობლიობაში კიდევ უფრო ღირებულებას სძენს საქართველოს როგორც ტექნოლოგიურ ჰაბს საერთაშორისო რუკაზე.
Tether-ის შემოსვლა ნიშნავს, რომ ეს არის სანდო ქვეყანა, სადაც ბიზნესის კეთება არის მარტივი და ამ ქვეყანაში ტექნოლოგიების კუთხით საკმაოდ მოწინავე პირობები არსებობს და სწორედ ეს არის რის გამოც ჩვენ გვინდოდა, რომ ასეთი სახელები ყოფილიყო საქართველოში.
ჩვენ დღეს ვერც ისრაელს და ვერც ირლანდიას ვერ შევედრებით ეკონომიკის სიდიდით, თუმცა მათაც საიდანღაც დაიწყეს. დღეს ჩვენ ვდგამთ ნაბიჯს, რომელიც ისრაელმა და ირლანდიამ 20 წლის წინ გადადგა, თუმცა ეს არის წარმატების წინაპირობა და წარმატების ის მოდელი, რომელიც ბევრმა ქვეყანამ გაიარა", - აცხადებს თორნიკე სულაბერიძე.
მანვე აღნიშნა, რომ საქართველოს აქვს რესურსი, რომ ტექნოლოგიური ეკოსისტემა თავად შექმნას და აღნიშნული სექტორი სახელმწიფოს პრიორიტეტი უნდა იყოს.
"შესაძლებლობაც გვაქვს და ბუნებრივიც არის, რომ ეკონომიკაში ტექნოლოგიური სექტორი გაიზრდება. ის, რომ ტექნოლოგიები უფრო დიდ როლს თამაშობენ ეკონომიკაში ეს ბუნებრივი მოვლენაა, თუმცა აქ მთავარია, რამდენად გავზრდით ჩვენ. ჩემი აზრით, ბოლო 7-მა წელმა გვაჩვენა, რომ ჩვენ გვაქვს შესაძლებლობა უფრო ძლიერი ტექნოლოგიური ეკოსისტემა შევქმნათ. ჩვენ არ ვართ მასიური მუშახელის მიმწოდებლები. ჩვენ ჩვენი ნიშა გაგვაჩნია, რაც არის ის, რომ გვაქვს მარტივი ბიზნეს გარემო, შეღავათები ტექნოლოგიურ სექტორზე და ასევე, ჩვენ გვყავს მაღალი კვალიფიკაციის მუშახელი, რომელიც დღითი დღე იზრდება. ამაზე მეტყველებს ციფრებიც. თუ 10 წლის წინ 1500 ადამიანი სწავლობდა კომპიუტერული მეცნიერების ირგვლივ, ახლა ეს ციფრია 12 000 და დასაქმებულთა რაოდენობაა 52 000 და ა.შ.", - აღნიშნა თორნიკე სულაბერიძემ.
შეგახსენებთ, საქართველოში კომპანია Tether-ის შემოსვლა დაანონსდა.