ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების ფონზე, ბოლო 2 თვეში, ჯავშნების გაუქმება უფრო მეტად თბილისის სასტუმროებში დაფიქსირდა, თუმცა ახალი წლის პერიოდმა ცოტა შეამსუბუქა ეს პროცესი, - ამის შესახებ ტურიზმის ასოციაციის თავმჯდომარემ ნატა კვაჭანტირაძემ 2024 წლის შეფასებისას განაცხადა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისივე შეფასებით, იმისთვის, რომ ქვეყანაში ვიზიტორთა რაოდენობა გაიზარდოს, აუცილებელია ტურიზმის სექტორმა სწორი პოზიციონირება მოახდინოს.
"ყველაფერი, რაც ქვეყნის შიგნით და გარეთ ხდება ტურიზმის წინსვლასა და მის განვითარებაზე აისახება. საწყის ეტაპზე 2024 წლის მოლოდინები იყო გაცილებით დიდი და დადებითი, თუმცა პოლიტიკურმა მოვლენებმა საერთო სურათი შეცვალა და წლის ბოლო ორი თვე არც თუ ისე სახარბიელო მაჩვენებლებით დასრულდა.
მიმდინარე მოვლენების ფონზე, საქართველოს ტურიზმის ასოციაციამ ჩაატარა წევრი კომპანიების მოკვლევა თუ რა მდგომარეობა ჰქონდათ არსებულ სიტუაციაში და ჯავშნების გაუქმების, ან გადადების მაჩვენებელი, დაახლოებით, 35-დან 100%-მდე განისაზღვრა. როგორც გამყვანი, ისე შემომყვანი ტურიზმი ძალიან სენსიტიურია ნებისმიერი მოვლენის მიმართ, თუმცა სწრაფ აღდგენას ექვემდებარება. აუცილებელია, ერთობლივად მოვახდინოთ სწორად პოზიციონირება იმისთვის, რომ კიდევ უფრო გაიზარდოს ვიზიტორთა ინტერესი", - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.
რაც შეეხება 2025 წლის მოლოდინებს - როგორც ტურიზმის ასოციაციის ხელმძღვანელი აღნიშნავს, აუცილებელია სახელმწიფოსთან ერთად სტრატეგიული გეგმის შემუშავება, რათა სექტორის მოტივაცია გაიზარდოს და ბიზნესებმა განვითარებაზე ორიენტირებული აქტივობების დაგეგმვა შეძლონ.
"გვაქვს იმედი, რომ კიდევ უფრო გაძლიერდება თანამშრომლობა საჯარო სექტორთან. დღევანდელი გადასახედიდან 2025 წლის სიტუაცია მაინც განიხილება, რომ ტურიზმის სექტორმა შეძლოს სეზონურად დადებითი მაჩვენებლების დადება, რადგანაც დამოკიდებული ვართ პოლიტიკურ მოვლენებზე. აუცილებელია სახელმწიფომ კერძო სექტორთან ერთად განსაზღვროს მომავალი წლის სტრატეგიული გეგმა. ჩვენ როგორც სექტორის წარმომადგენლები მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ბიზნესსაქმიანობა არ გავაჩეროთ და წარმატებაზე ვიყოთ ორიენტირებული. ბევრი ორგანიზაცია საკმაოდ დიდ დანახარჯებს იღებს იმისთვის, რომ მისი შემოსავლითი წილი მაღალი იყოს. დღეს ჩვენ ძალიან დიდი გამოწვევების წინაშე ვიმყოფებით, აუცილებელია, განისაზღვროს მომავალი წლის სტრატეგიული გეგმა კერძო და საჯარო დიალოგის ფარგლებში, რათა კერძო სექტორმა სწორად დაგეგმოს რომელ ბაზრებზე გააკეთოს აქცენტი. ამას მხოლოდ ორმხრივი დიალოგის ფარგლებში შევძლებთ.
ტურიზმი და ავიაცია არის ის მიმართულებები, რომლებიც ძალიან ბევრ ადამიანს ასაქმებს და ამ მიმართულებებს საჯარო სექტორთან ერთად უფრო მეტი ყურადღება უნდა დაეთმოს. სხვა შემთხვევაში კერძო სექტორს მოუწევს გადააფასოს თავისი ბიზნეს საქმიანობა და ამის საშუალება ჩვენ არ უნდა გავაჩინოთ, რადგანაც ქვეყანას ნამდვილად სჭირდება ტურიზმის განვითარება", - აცხადებს ნატა კვაჭანტირაძე.