ჩვენი ამოსავალი წერტილი არის, რომ ინფრასტრუქტურაში ნებისმიერი მიმართულებით საბიუჯეტო სახსრები, თითოეული თეთრი მიზნობრივად და ეფექტიანად დაიხარჯოს, - ამის შესახებ „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ინფრასტრუქტურის მინისტრმა რევაზ სოხაძემ განაცხადა.
მან მშენებლობის ხარისხზეც გაამახვილა ყურადღება.
„მინდა კიდევ ერთხელ დავაფიქსირო, რომ ჩვენ არ მივიღებთ უხარისხო პროდუქტს. ხარისხის კონტროლის მიმართულებით, ჩვენს სამინისტროში, ბოლო პერიოდში, შევქმენით ახალი სტრუქტურული ერთეულები. ეს არის ხარისხის კონტროლის მიმართულებით სპეციალური დანაყოფები, რომლებიც ამ კუთხით აქტიურად მუშაობენ. ასევე, ინსტრუმენტული თვალსაზრისითაც, ვფიქრობთ, რომ მაქსიმალურად გავძლიერდეთ და მინდა გითხრათ, რომ უახლოეს პერიოდში, ჩვენ ლაბორატორიულად გვექნება უკვე ყველა ის საჭირო ინსტრუმენტალური კვლევის საშუალებები, რაც ხარისხის კონტროლს ითვალისწინებს. საგზაო მიმართულებით უკვე გადაიდგა ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯები, გვაქვს საკმაოდ მძიმე შემთხვევები, როდესაც ხარისხი არ აკმაყოფილებს არსებულ სტანდარტებს და ყველა ამ კომპანიას მოუწევს ამ ხარისხის გამოსწორება. მათ კონკრეტულ ვადებს ვაძლევთ და ეს ყველაფერი ხდება მათი ხარჯით, ამაში სახელმწიფო არც ერთ ზედმეტ თეთრს არ დახარჯავს. კონტროლი იქნება ძალიან მკაცრი“, - აღნიშნა რევაზ სოხაძემ.
მისივე ინფორმაციით, სახელმწიფო იმაზეც მუშაობს, რომ ხარისხის კონტროლის კუთხით, სამინისტროში საერთაშორისო ექსპერტული ცოდნა გაჩნდეს.