logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

ბარსელონას ოფიციალური მაღაზია Barca Store Georgia თბილისში 29 მარტს გაიხსნება

ბარსელონას ოფიციალური მაღაზია Barca Store Georgia თბილისში 29 მარტს გაიხსნება. როგორც Barca Store Georgia-ში აცხადებენ,  პირველად ესპანეთის ფარგლებს გარეთ იხსნება “ბარსელონას” ოფიციალური მაღიაზია და ეს იქნება საქართველო. მაღაზია გულშემატკივრებს შესთავაზებს კლუბის ექსკლუზიურ პროდუქტებს, მათ შორის ოფიციალურ სათამაშო ფორმებს, ყოველდღიურ და კოლექციურ ნივთებს, აქსესუარებსა და სხვადასხვა სუვენირებს, რომლებიც შექმნილია სპეციალურად "ბლაუგრანას" ქომაგებისთვის.

მათივე ინფორმაციით, Barca Store Georgia" წარმოადგენს საფეხბურთო კულტურის ახალ ეპიცენტრს რეგიონში და მიზნად ისახავს ქართველი გულშემატკივრებისთვის უნიკალური გამოცდილების შექმნას. მაღაზია არა მხოლოდ სპორტული ატრიბუტიკის შეძენის შესაძლებლობას აძლევს მომხმარებლებს, არამედ ქმნის ბარსელონას სამყაროსთან სიახლოვის განსაკუთრებულ შეგრძნებას.

"მოხარული ვართ, რომ თბილისში ვხსნით Barca Store Georgia-ს და ქართველ გულშემატკივრებს ვთავაზობთ უნიკალურ შესაძლებლობას, გახდნენ უფრო ახლოს იმ კლუბთან, რომელსაც ასე ძლიერ უჭერენ მხარს. ჩვენი მიზანია, შევქმნათ განსაკუთრებული გარემო, სადაც ყველა გულშემატკივარი შეძლებს ნამდვილ "ბლაუგრანას" სულის შეგრძნებას" - განაცხადა კომპანიის დამფუძნებელმა დავით ზაქარიაძემ.

Barca Store Georgia" მდებარეობს ქალაქის ცენტრში, სასტუმრო სტამბას მოპირდაპირეთ, ფილარმონიის დიდი საკონცერტო დარბაზის მიმდებარეთ, კოსტავას ქუჩის 23 ნომერში და გულშემატკივრებს საშუალებას აძლევს, თავიანთი საყვარელი კლუბის პროდუქცია შეიძინონ ოფიციალური წყაროდან, გარანტირებული ხარისხითა და
ავთენტურობით.

"გელოდებით Barca Store Georgia-ში 29 მარტიდან, რათა ერთად ვიზეიმოთ ბარსელონას წარმატებები და გავაცოცხლოთ საფეხბურთო ზეიმი საქართველოში,"-აცხადებენ კომპანიაში. 

გამოგვყევით