სარეალიზაციო ობიექტიდან პროდუქციის დამატებაზე თვეზე მეტია მოთხოვნა არ ყოფილა, - ამის შესახებ Loladze Family Winery-ის დამფუძნებელმა ერეკლე ლოლაძემ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა.
მისი თქმით, ადგილობრივ ბაზარზე მოთხოვნის შემცირების ერთ-ერთი მთავარი ფაქტორი ბოლო დროს ქვეყანაში განვითარებული მოვლენებია.
"ჩვენი ღვინოები ძირითადად ადგილობრივ ბაზარზე, კერძოდ, "8000 მოსავალში" იყიდება. უკვე შესამჩნევია მოთხოვნის კლება. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შეიძლება ითქვას, რომ განახევრდა. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების ფონზე მეორადი მოხმარების პროდუქტზე მოთხოვნის შემცირება ბუნებრივია", - აცხადებს ერეკლე ლოლაძე.
რაც შეეხება საექსპორტო ბაზრებს - მეღვინეობამ ცოტა ხნის წინ ავსტრალიაში პირველი ექსპორტი განახორციელა. გარდა ამისა, მათი ღვინოები "8000 მოსავლის" გერმანიის ფილიალშიც იყიდება.
ცნობისთვის, Loladze Family Winery მცხეთის რაიონში, სოფელ მისაქციელში მდებარეობს. მეღვინეობა ყურძენს სხვადასხვა რეგიონიდან იბარებს და საშუალოდ, 5-მდე სახეობის ღვინოს აწარმოებს.