logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"უშაქროს" პროდუქცია თბილისის სავაჭრო ცენტრებში, სავარაუდოდ, წლის ბოლოდან გამოჩნდება

უშაქროს“  პროდუქცია თბილისის სავაჭრო ცენტრებში ეტაპობრივად გამოჩნდება. როგორც საკონდიტრო პროდუქციის მწარმოებელი კომპანია "უშაქროს" დამფუძნებელმა რუსო კვანტალიანმა "ბიზნესპარტნიორთან" აღნიშნა, ამ ეტაპზე თბილისის ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრთან მოლაპარაკება დასკვნით ფაზაშია.

მისივე ინფორმაციით, "უშაქროს" პროდუქციაზე მოთხოვნა წლიდან წლამდე მზარდია. მომხმარებლები შაქრის მავნებლობაზე ან/და შაქრის სხვადასხვა შემცვლელზე უფრო მეტად არიან ინფორმირებულები.

ყოველი ახალი პროდუქტის შექმნისას ვიკვლევთ ბაზარს, ვითვალისწინებთ ტრენდებს და მომხმარებლის სურვილებსა და საჭიროებებს. ასევე, ვაკვირდებით ჩვენი გაყიდვების სტატისტიკას.

დღეს, გაყიდვების მნიშვნელოვანი წილი ონლაინ რეალიზაციიდან მოდის, თუმცა აღსანიშნავია, რომ ჩვენს ფილიალებში ვიზიტორების რაოდენობა მკვეთრად გაიზარდა. უშაქროს მომხმარებლის დიდი წილი ადგილობრივები არიან, თუმცა ხშირად გვყავს უცხოელი სტუმრებიც. ჩვენი მომხმარებლების დიდ ნაწილს კვების რაციონიდან სრულად აქვს შაქარი ამოღებული ზოგის შემთხვევაში ეს ჯანმრთელობიდან გამოწვეული საჭიროებების გამო ხდება, ზოგს უბრალოდ არ სურს შაქრის მიღება.

ახლახან, მენიუს 70% შევცვალეთ. დღეს, "უშაქროში" ჯამში 50-მდე დასახელების პროდუქტი მზადდება ყოველდღიურად. მათ შორის, უგლუტენო, ულაქტოზო, ვეგანური და კეტო-მეგობრული კატეგორიები. ახალ პროდუქტებზე მოთხოვნა იმდენად დიდია, რომ რამდენიმე მათგანი უკვე ყველაზე კარგად გაყიდვად კატეგორიაში მოხვდა. წლის ბოლომდე, კიდევ დაახლოებით 10-მდე ახალი სახეობის პროდუქტს დავამატებთ მენიუში. მოლოდინი გვაქვს, რომ ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი გაიზრდება“, - აცხადებს „უშაქროს“ დამფუძნებელი.

გარდა ამისა, რუსო კვანტალიანი აცხადებს, რომ კომპანია სამომავლოდ რეგიონებში გასვლასაც გეგმავს.

შეგახსენებთ, კომპანია "უშაქრო" 2021 წელს დაფუძნდა და ამ ეტაპზე, თბილისში 2 ფილიალი აქვს. გარდა ამისა, კომპანია "სითი მოლის გუდვილში" სტენდით არის წარმოდგენილი.

გამოგვყევით