ქსელური მარკეტების წარმომადგენლებთან, დისტრიბუტორებთან და მწარმოებლებთან შეხვედრის შემდეგ როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა.
როგორც ლევან ჟორჟოლიანმა აღნიშნა, დისტრიბუტორები და მწარმოებლები ამბობენ, რომ სადღაც 9 სახის გადასახადი აქვთ დადგენილი ქსელების მიერ.
„ჩვენ შევხვდით სამივე მხარეს, რომლებიც სურსათის ფასებს ქმნიან ანუ ინდუსტრიას. ესენი არიან ქსელური მარკეტები, დისტრიბუტორები და მწარმოებლები. როგორც გამოიკვეთა, ერთ-ერთი ყველაზე მწვავე პრობლემა მდგომარეობს ე.წ. ქეშბექებში, როდესაც დისტრიბუტორს ან მწარმოებელს ქსელის მიერ უწესდება გარკვეული ტიპის გადასახადები. თავად დისტრიბუტორთა თქმით და მათ შორის მწარმოებლებიც ამაზე საუბრობენ, ამბობენ, რომ სადღაც 9 სახის გადასახადი მაინც აქვთ დადგენილი ქსელების მიერ. სახელმწიფოს სულ ხუთი გადასახადი გვაქვს, ასე ხდება ბიუჯეტის შევსება. ერთ-ერთ მთავარ პრობლემად ამას ასახელებენ. მწარმოებლების მხრიდანაც გვაქვს ეგეთი პრაქტიკა, რომ ზოგ ქართველ მწარმოებელს ადგილობრივ ბაზარზე პროდუქციის გასაღებას, ურჩევნია ექსპორტზე გაიტანოს. ექსპორტი თავის მხრივ ძალიან კარგია, მაგრამ ექსპორტი კარგია, როდესაც შენი საკუთარი მოთხოვნილებები არის დაკმაყოფილებული, ანუ როდესაც შიდა ბაზარზე არ გჭირდება იმპორტით ჩანაცვლება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა.