ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ფასები, - ამის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში საუბრისას განაცხადა.
მისი თქმით, ძალიან დიდი განსხვავებაა ერთგვაროვან საქონელს შორის, რომელიც დევს ერთსა და იმავე სუპერმარკეტში ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში და საქართველოში.
„მიზანი გაცხადებული გვაქვს და ეს მიზანი არის ფასების შემცირება სასურსათო პროდუქციაზე. გაფართოვდა კომისიის მანდატი და ასევე, დავიმატეთ მედიკამენტები და საწვავი. თუ მივუბრუნდებით სურსათს, ეს არის პრემიერ-მინისტრის ინიციატივა და ძალიან ლოგიკური ინიციატივაა იმიტომ, რომ ძალიან დიდი განსხვავებაა ერთგვაროვან საქონელს შორის, რომელიც დევს ერთსა და იმავე სუპერმარკეტში ევროპის რომელიმე ქვეყანაში, მაგალითად საფრანგეთში და საქართველოში, მათ შორის, ფასთა შორის სხვაობა არის სამმაგი. ვისაც ესმის ან ცოტა ჩახედულია ამ საქმეში, მიხვდება, რომ იქ შეძენა, მერე ტრანსპორტირება, ეს ხარჯები და პლუს საზღვრიდან დახლამდე, არის გარკვეული ფასნამატები, რომლებიც ჯამში ქმნიან და, ეკონომიკის სამინისტრომ ამაზე წინასწარი მოკვლევა ჩაატარა, 86%-იან ფასნამატს, რაც ქმნის ასეთ დისბალანსს ევროპულ და ქართულ ფასებს შორის. რომ ავიღოთ ერთი და იმავე სახეობის პროდუქცია, მაგალითად შოკოლადი, ბრინჯი, ერთი და იგივე ქსელში, რომელიც ოპერირებს, როგორც ევროპაში, ასევე საქართველოში, ამ პროდუქციაზე ფასთა შორის სხვაობა ხშირად არის ორმაგი, სამმაგი, შეიძლება მეტიც კი. როდესაც ამას უყურებს ქართველი მომხმარებელი, გაქვს პროტესტის შეგრძნება, ვერ ხსნი, რატომ შეიძლება იყოს ამხელა ფასები. თუ ავიღებთ იქ შეძენის საბითუმო ფასს იმპორტული საქონლის და ტრანსპორიტებას და როგორც იცით, ტრანსპორტირების ხარჯები, როდესაც დიდ შეკვეთაზეა საუბარი ერთეულზე ძალიან მიზერ ფასნამატს იწვევს, ვერ უნდა გახდეს ამხელა, 86%-იანი ფასნამატის საფუძველი. ესე იგი, რაღაცები ხდება უკვე საზღვრიდან დახლამდე, რაღაც ფაქტორების გამო იმატებს ფასი და შესაბამისად, მომხმარებლის ჯიბიდან ხდება ფასნამატის გადახდა და პროდუქციის შეძენა. ჩვენი მიზანია, რომ მაქსიმალურად შემცირდეს ფასები. პრემიერმა აღნიშნა, რომ ჩვენ არ ვაპირებთ ბიზნესის მიმართ რეპრესიების გატარებას, ეს არ არის ჩვენი ხელწერა, თუმცა არსებობს ბერკეტები კანონმდებლობით და ისეც, რომ ფასები შემცირდეს. ყოველი შეხვედრის შემდეგ, არა მარტო ჩვენ, დაინტერესებული ვართ სუბიექტურად, რომ შემცირდეს ფასები, თვითონ ამბობენ, რომ შესაძლებელი ყოფილა ესე იგი ყველა მიმართულებით ფასების კლება. თუ ეს შესაძლებელია, ახლა დაგვრჩა, რამდენით არის შესაძლებელი და ასევე, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს ხანგრძლივობას, რა ვადაში, როგორ შეიძლება პროგრესირებადი და განგრძობადი იყოს ეს შემცირება“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.
შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.
მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.
მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.
ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია, რომელსაც პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს. პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ" შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.
26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა.