logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

ფასების რეგულირების საკითხთან დაკავშირებული დროებითი კომისია პარლამენტში საქმიანობას მომავალ კვირას დაიწყებს

1769699287

„ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ პარლამენტში დროებითი კომისია შეიქმნას. შესაბამისი დადგენილების პროექტი ორშაბათს, 2 თებერვალს ბიუროს სხდომას წარედგინება და ამის შემდეგ საკითხი კომიტეტებზე განხილვის გარეშე, პირდაპირ პლენარულ სხდომაზე გავა“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა ბიუროს დღევანდელ სხდომაზე. ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს. 

პაპუაშვილის თქმით, დადგენილების მიღების შემდეგ, საპროცედურო საკითხთა კომიტეტი კომისიის შემადგენლობის რაოდენობას განსაზღვრავს და აქედან გამომდინარე, თითოეული ფრაქციისთვის და პოლიტიკური ჯგუფისთვის კვოტებს გამოთვლის.

„თუმცა, თავად ფრაქცია „ქართული ოცნების“ ინიციატივაა, რომ კომისია 14- კაციანი შემადგენლობით იყოს. თუკი კომიტეტი ამ ინიციატივას გაიზიარებს, ამ შემთხვევაში, კომისიაში ფრაქცია „ქართულ ოცნებას“ 7 წევრი ეყოლება, პოლიტიკურ ჯგუფს „ხალხის ძალა“ - 3 წევრი, ფრაქციას „საქართველოსთვის“ - 3 წევრი და პოლიტიკურ ჯგუფს „ევროპელი სოციალისტები“ - ერთი წევრი. ამიტომ გთხოვთ, რომ ვისაც კომისიის მუშაობაში მონაწილეობის მიღება გსურთ კანდიდატებზე წინასწარ იყავით ჩამოყალიბებული. ჩვენი მიზანია, რომ კომისიამ მუშაობა რაც შეიძლება სწრაფად დაიწყოს.ასევე, უმრავლესობის ლიდერმა დაანონსა, რომ ფრაქციის ინიციატივაა კომისიას ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარემ შოთა ბერეკაშვილმა უხელმძღვანელოს. ასე რომ, მომავალ კვირას, სამშაბათი და ოთხშაბათი კომისიის ჩამოყალიბებას დაეთმობა და იმედი მაქვს, რომ უკვე ოთხშაბათი-ხუთშაბათიდან კომისია სრულფასოვნად დაიწყებს მუშაობას. ინიციატივის ავტორების მხრიდან კომისიის მუშაობის 3-თვიანი ვადაა დასახელებული“, - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. 

გამოგვყევით