მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს. ამის შესახებ ცნობილი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე თამარ იოსელიანის, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორ ლაშა აბაშიძესთან და აზერბაიჯანის რკინიგზის თავმჯდომარე როვშან რუსტამოვთან შეხვედრაზე გახდა ცნობილი, რომლის დროსაც განხილულ იქნა ორი ქვეყნის თანამშრომლობა სარკინიგზო გადაზიდვების სფეროში.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, საქართველო და აზერბაიჯანი წარმატებით თანამშრომლობენ შუა დერეფნის კონკურენტუნარიანობის გაზრდისა და დამატებითი ტვირთების მოზიდვის მიმართულებით.
განსაკუთრებული აქცენტი გაკეთდა ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზის ოფიციალურ ამოქმედებასა და მისი მეშვეობით ტვირთბრუნვის ზრდის შესაძლებლობებზე. აღინიშნა, რომ მარაბდა-კარწახის სარკინიგზო ხაზზე „საქართველოს რკინიგზა“ სატვირთო გადაზიდვებს ექსკლუზიურად განახორციელებს.
შეხვედრაზე ხაზი გაესვა იმ გარემოებას, რომ შეთანხმება საქართველოსა და აზერბაიჯანის რკინიგზებს შორის მნიშვნელოვანი ფაქტია ქვეყნის სარკინიგზო ინფრასტრუქტურისა და რეგიონული ეკონომიკური თანამშრომლობისათვის, რადგან გაიზრდება კონკურენტუნარიანობა და გაძლიერდება საქართველოს სატრანზიტო და ლოგისტიკური შესაძლებლობები.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, სს „საქართველოს რკინიგზის“ გენერალურ დირექტორმა ლაშა აბაშიძემ, შპს BTKI Railways - ის გენერალურ დირექტორებთან ლევან კანკავასა და მიქაელ აბასოვთან ერთად ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომლის თანახმადაც BTKI Railways - ი ამ მონაკვეთზე საქართველოს რკინიგზის მიერ გადაზიდვების ექსკლუზიური წარმოების უფლებას უზრუნველყოფს.