ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შპს „საქართველოს ფოსტის“ გენერალური დირექტორი გიორგი ერაძე თანამშრომლებს წარუდგინა.
მინისტრმა ყურადღება გაამახვილა საქართველოში საფოსტო საქმიანობის მნიშვნელობაზე და ამ მხრივ, კომპანია „საქართველოს ფოსტის“ როლზე, როგორც ქვეყნის ტრადიციულ საფოსტო ოპერატორსა და ამ სექტორში უნივერსალური სერვისების მიმწოდებელზე. მისი თქმით, ბოლო წლებში კომპანია ციფრული ტრანსფორმაციის პროფესშია - დაინერგა არაერთი ტექნოლოგიური ინოვაცია, რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მომსახურების სახეობების და ხარისხის გაუმჯობესებას.
„ფოსტა არის ლოგისტიკური ეკოსისტემა, რომელიც მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებულ სერვისებს და ტექნოლოგიურად გამართულ გადაწყვეტებს აერთიანებს,“ - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.
მინისტრმა „საქართველოს ფოსტის“ ახალ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა. მან ასევე მადლობა გადაუხადა კომპანიის ყოფილ გენერალურ დირექტორს გაწეული შრომისთვის.
„საქართველოს ფოსტის“ გენერალურ დირექტორს აქვს აკადემიურ ხარისხი საერთაშორისო სამართალში, ფლობს საერთაშორისო სერტიფიკატებს სატვირთო გადაზიდვებში უსაფრთხოების მართვის სისტემის, საინფორმაციო და საავიაციო უსაფრთხოების და სტუმარმასპინძლობისა და ტურიზმის მენეჯმენტის მიმართულებით.
შპს „საქართველოს ფოსტა“ არის 100 პროცენტით სახელმწიფო წილობრივი კომპანია. ის არის ქვეყნის უმსხვილესი საფოსტო ორგანიზაცია, რომელსაც სერვისცენტრების ყველაზე დიდი ქსელი აქვს. ის ქვეყნის ლიდერი საფოსტო ოპერატორია, რომელიც მომხმარებელს უნივერსალური საფოსტო მომსახურების სფეროში შემავალი სერვისებით უზრუნველყოფს.