საქართველოს თამამად შეუძლია თქვას, რომ ენერგეტიკულ ჰაბად ჩამოყალიბების პრეტენზია უნდა ჰქონდეს და აქვს, - ამის შესახებ განახლებადი ენერგიების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა მაია მელიქიძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე შეფასებით, საქართველო განახლებადი ენერგიების მიმართულებებით უმდიდრესი ქვეყანაა.
"აქამდე ჩვენ ხშირად ვსაუბრობდით შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტზე, რომელმაც ორმხრივი თანხმობა მიიღო როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის მხრიდან. ახლა უკვე დღის წესრიგში დადგა ახალი პროექტი - "მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტი. ამით კიდევ ერთხელ მტკიცდება თუ რა დატვირთვა აქვს საქართველოს არა მხოლოდ რეგიონალური, არამედ ზოგადად მსოფლიო დონეზე მწვანე ენერგიის განვითარების ჭრილში. ჩვენი ქვეყანა უმდიდრესი ქვეყანაა განახლებადი ენერგიების მიმართულებით - ჰიდრო, მზე, ქარი და ბიო. ეს რესურსები აუცილებლად უნდა გამოვიყენოთ.
კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახლავთ ის, რომ ჩვენი მეზობლებისთვის ენერგეტიკული თვალსაზრისით ძალიან საინტერესო გავხდით. აქამდე, თუ ვიყავით ის ქვეყანა რომელიც იმპორტს ახორციელებდა და გარკვეულწილად ტრანზიტი იყო - ახლა უკვე არსებობს შესაძლებლობა, რომ წმინდა ეკონომიკური თვალსაზრისით დოვლათი დავაგენერიროთ არა მხოლოდ საქართველოსთვის, არამედ რეგიონული თვალსაზრისითაც", - აცხადებს მაია მელიქიძე.
მანვე აღნიშნა, რომ რესურსების კუთხით - საქართველოს მართალია, რომ ბუნებრივი გაზი/აირი არ აქვს, თუმცა მწვანე წყალბადი არის გადასარევი საშუალება, რომ აღნიშნული ჩანაცვლდეს.
მაია მელიქიძის თქმით, შავი ზღვის წყალქვეშა კაბელის პროექტი ექსპლუატაციაში დაახლოებით, 2032 წელს უნდა შევიდეს, ხოლო შედარებით გვიან "მწვანე ენერგიის დერეფნის" პროექტი.
"მნიშვნელოვანია პროცესების სწორი მართვა უზრუნველვყოთ. ჩვენ, სექტორი ხშირად ვსაუბრობთ, რომ ყველაზე დიდი გამოწვევა მაინც ბიუროკრატია და დროა. ის ბიზნესმენები, რომლებიც ჩვენი ასოციაციის წევრები არიან ყველაზე მეტად ყურადღებას ამახვილებენ იმაზე, რომ დროის ფაქტორი იმდენად დიდ როლს თამაშობს, რომ საბოლოოდ მათთვის თითოეული ინვესტირებული თანხა უნდა ამოიღონ - ასე მუშაობს ბიზნესი. ბუნებრივია, მათ მიერ ინვესტირებული თანხის ამოღების ვადა, რომ იწელება - ფული ამასობაში გადის ინფლაციას. ჩვენ გვჭირდება ერთი ფანჯრის პრინციპი და კარგი იქნება ყველაფრის გაციფრულება", - აცხადებს მაია მელიქიძე.