logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი - საქართველო ევროპული და აზიის რეგიონს მიღმა პირველი ქვეყანაა, რომელთანაც შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ

კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენელი - საქართველო ევროპული და აზიის რეგიონს მიღმა პირველი ქვეყანაა, რომელთანაც შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ

1769613188

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა კორეის ბანკსა და კორეის ფინანსური ტელეკომუნიკაციებისა და უნაღდო ანგარიშსწორების ინსტიტუტის(KFTC) ექსპერტთა ჯგუფს უმასპინძლა. ვიზიტი მიზნად ისახავდა პროექტის - „უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის განვითარება საქართველოში“  განხილვასა და შედეგების შეჯამებას.

აღნიშნულ პროექტზე 2025 წელს ეროვნულ ბანკსა და კორეის ცენტრალურ ბანკს შორის ურთიერთთანამშრომლობის შეთანხმება გაფორმდა. 

პროექტი მიზნად ისახავს საქართველოში უნაღდო ანგარიშსწორების შემდგომი განვითარების ხელშეწყობას. პროექტი ფოკუსირებულია არსებული საგადახდო გარემოს შეფასებაზე, უნაღდო ანგარიშსწორების დანერგვის ხელისშემშლელი ძირითადი ბარიერების გამოვლენასა და კორეის საუკეთესო პრაქტიკისა და პოლიტიკის გამოცდილების გაზიარებაზე ციფრული გადახდების პოპულარიზაციის კუთხით.

პროექტის ფარგლებში შეიქმნა რეგულირების ჩარჩოს პრაქტიკული რეკომენდაციები, რომლებიც მიზნად ისახავს გადახდის თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარებასა და უნაღდო ანგარიშსწორების ფართო გავრცელებას.

„ეს პროექტი შესაძლებლობას გვაძლევს არა მხოლოდ შევაფასოთ  არსებული უნაღდო ანგარიშსწორების ინფრასტრუქტურა, არამედ მივიღოთ კონკრეტული პრაქტიკული ინსტრუმენტები მისი განვითარებისთვის. მნიშვნელოვანია, რომ ეს თანამშრომლობა სჭირდება არა მხოლოდ საქართველოს, არამედ მთლიანად რეგიონს - ჩვენ  ერთად შეგვიძლია ფინანსური ინფრასტრუქტურის გაძლიერება, რაც მდგრადი ეკონომიკური განვითარების ქვაკუთხედია“, - განაცხადა საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ.

მისივე თქმით, აღსანიშნავია საქართველო-კორეის პარტნიორობის სტრატეგიული მნიშვნელობა, განსაკუთრებით ის შესაძლებლობები, რასაც ეს პროექტი უნაღდო ანგარიშსწორების სისტემის გაძლიერების, ფინანსური ტექნოლოგიების დანერგვისა და რეგიონში კოორდინირებული პრაქტიკების შემუშავებისთვის წარმოადგენს.


კორეის ცენტრალური ბანკის წარმომადგენლის ვონჯონგ რომის განცხადებით, საქართველოსა და კორეას ბევრი საერთო აქვს და ურთიერთგამოცდილების გაცვლა ორივე მხარისთვის მნიშვნელოვანია.

„საქართველო არის პირველი ევროპული ქვეყანა და პირველი ქვეყანა აზიის რეგიონს მიღმა, რომელთანაც ჩვენ შუა დერეფნის კონტექსტში ვთანამშრომლობთ, რაც საშუალებას გვაძლევს პარტნიორობა მომავალში უფრო გავაფართოვოთ“, - კორეის ცენტრალური ბანკის საგანმანათლებლო პროექტების ხელმძღვანელმა, განაცხადა ვონჯონგ რომმა.

ბოლო ორი წლის განმავლობაში საქართველოს ეროვნული ბანკი კორეის ცენტრალურ ბანკსა და საფინანსო სექტორის მარეგულირებელ ორგანოებთან აქტიურად თანამშრომლობს.

შეხვედრას სებ-ის ვიცე-პრეზიდენტი ეკატერინე გალდავა და სხვადასხვა დეპარტამენტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

გამოგვყევით