logo
Loading data...
მთავარი ჯანდაცვა

სტატია

ფსიქიატრიულ კლინიკებს ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტები დაუწესდება

ფსიქიატრიულ კლინიკებს ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტები დაუწესდება

1700049600

ფსიქიატრიულ კლინიკებს ახალი ინფრასტრუქტურული სტანდარტები დაუწესდება.ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ილია ღუდუშაურმა პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტზე განაცხადა, სადაც 2024 წლის ბიუჯეტის განხილვა მიმდინარეობდა.

დეპუტატმა რომან გოცირიძემ ფსიქიატრიული კლინიკების დაფინანსების საკითხში სამინისტროს მიმართ პრეტენზიები გამოთქვა, რადგან, მისი თქმით, ამ მიმართულებით ბიუჯეტი არ გაზრდილა.

ილია ღუდუშაურის თქმით, შარშან ფსიქიკური სერვისების კუთხით დაფინანსება 32 მილიონიდან 50 მილიონ ლარამდე გაიზარდა. წელს კი, შეფასების საფუძველზე და იმის გათვალისწინებით, რომ არსებულ ბიუჯეტშიც იყო ეკონომია, დამატებითი ფინანსები სამინისტროს არ მოუთხოვია, რადგან მკურნალობისთვის გამოყოფილი თანხები სავსებით საკმარისი იქნება.

ამასთან, ღუდუშაურის განმარტებით, მკურნალობის გარდა არსებობს მეორე კოდი, რომელიც სამედიცინო ჰოლდინგის საკუთრებაში არსებული დაწესებულებების რეაბილიტაციას ითვალისწინებს და მის ფარგლებში მომავალ წელს ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა იგეგმება.

მისი თქმით,  2023 დაიწყო რუსთავის ახალი, 90-საწოლიანი ფსიქიატრიული დაწესებულების რეაბილიტაცია, რომელიც ახლაც მიმდინარეობს. ასევე 2023 წელსაა  დაწყებული ბედიანში სრულიად ახალი ფსიქიატრიული დაწესებულების მშენებლობა, მანამდე, 2021 წელს კი სურამის ფსიქიატრიული დაწესებულების სრული რეაბილიტაცია განხორციელდა.

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ინფრასტრუქტურულ პროექტებში ინვესტიცია 2024 წელსაც გათვალისწინებულია.

„ბიუჯეტის გაზრდა და თანხის უბრალოდ დამატება იმ გამოწვევებს, რაც ფსიქიატრიულ დაწესებულებებში არსებობს, ამ ეტაპზე არ შველის. ამისთვის მოვამზადეთ ფსიქიატრიული დაწესებულებების ინფრასტრუქტურის სტანდარტი, რომელიც წლის ბოლომდე დამტკიცდება და ყველას, მათ შორის კერძო ფსიქიატრიული დაწესებუელებას ექნება ვალდებულება, ახალი გამოწვევების და სტანდარტების მიხედვით გარკვეულ პერიოდში დააკმაყოფილონ ეს მოთხოვნები,“ - განმარტა ღუდუშაურმა.

მისი თქმით, ინფრასტრუქტურის მიმართულებით გამოწვევები არც ერთი და არც ორი წლის პრობლემა არაა და სამინისტრო ამ საკითხებს ეტაპობრივად მიყვება. 

jandacva.ge

გამოგვყევით