ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში 1 მილიარდზე მეტი ადამიანი იტანჯება ფსიქიკური პრობლემებით - როგორიცაა შფოთვითი აშლილობები და დეპრესია.
ჯანმომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ასეთი სტატისტიკა უზარმაზარ ზიანს აყენებს ადამიანებსა და ეკონომიკას. მიუხედავად იმისა, რომ ბევრმა ქვეყანამ გააუმჯობესა ფსიქიკური ჯანმრთელობის დაცვა, როგორც ანგარიშშია ნათქვამი, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების მასობრივი დაფარვის უზრუნველსაყოფად დამატებითი ძალისხმევა და რესურსებია საჭირო.
ჯანმო-ს გენერალურმა დირექტორმა, ტედროს ადჰანომ გებრეიესუსმა, ფსიქიკური ჯანმრთელობის სერვისების რეფორმა ერთ-ერთ გადაუდებელ ამოცანად დაასახელა. კერძოდ, ორგანიზაცია მოუწოდებს ამ სექტორში სტაბილური დაფინანსების მოზიდვისკენ, სააგენტოთაშორისი თანამშრომლობის გაძლიერებისკენ ფსიქიკური ჯანმრთელობის მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ასევე სტიგმის აღმოფხვრისა და ფსიქიკური აშლილობის ძირითადი მიზეზების წინააღმდეგ ბრძოლისკენ.
ორგანიზაციის მონაცემებით, შფოთვითი აშლილობები და დეპრესია ფართოდაა გავრცელებული ყველა ქვეყანაში და მოსახლეობის ყველა ჯგუფში, რაც მათ ხანგრძლივი შეზღუდული შესაძლებლობების მეორე წამყვან მიზეზად აქცევს. ისინი ასევე ზრდის ადამიანების ჯანდაცვის ხარჯებს და იწვევს „მასობრივ ეკონომიკურ ზარალს“ მთელ მსოფლიოში. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ფსიქიკური აშლილობები ყოველწლიურად 12 მილიარდი სამუშაო დღის დაკარგვას იწვევს და გლობალურ ეკონომიკას 1 ტრილიონი დოლარი უჯდება. დეპრესიით დაავადებული ადამიანების მხოლოდ 9% იღებს ხარისხიან მკურნალობას, ხოლო ფსიქოზით დაავადებული ადამიანების 71% საერთოდ არ იღებს დახმარებას.
jandacva.ge