logo
Loading data...
მთავარი მსოფლიო

სტატია

ევროკავშირმა წითელ ზღვაში საზღვაო მისია ASPIDES წამოიწყო

ევროკავშირმა წითელ ზღვასა და ყურის რეგიონებში საზღვაო მისია წამოიწყო. მიზანი კომერციული და უსაფრთხოების ინტერესების დაცვაა.

მისიის შტაბ-ბინა საბერძნეთის ქალაქ ლარისაში მდებარეობს. ერთწლიანი მისია, სახელწოდებით "ASPIDES", რაც ბერძნულად ფარს ნიშნავს, უზრუნველყოფს ევროკავშირის საზღვაო წარმომადგენლობის ყოფნას იმ მხარეში, სადაც ჰუსიტები საერთაშორისო კომერციულ გემებს თავს ესხმიან.

ევროსაბჭოს განცხადებაში ნათქვამია, რომ თავდაცვითი მანდატის ფარგლებში, ოპერაცია უზრუნველყოფს საზღვაო სიტუაციის კონტროლს და გემების თანხლებას, რათა ისინი შესაძლო თავდასხმებისგან დაიცვას.

ოპერაცია აქტიური იქნება ბაბ ელ-მანდებისა და ჰორმუზის სრუტეებში, ასევე წითელი ზღვის საერთაშორისო წყლებში, ადენის ყურეში, არაბეთის ზღვაში, ომანისა და სპარსეთის ყურეებში.

გასული წლის ნოემბრიდან იემენელი ჰუსიტები არაერთხელ დაესხნენ თავს გემებს წითელ ზღვაში, ისრაელისა და „ჰამასის“ კონფლიქტის დაწყების შემდეგ. ამ გზით ჰუსიტები პალესტინელებისადმი სოლიდარობას გამოხატავენ.

მსხვილმა გადამზიდავმა კომპანიებმა (Maersk, MSC და CMA CGM) უარი თქვეს წითელი ზღვის მარშრუტზე და უფრო გრძელი - კეთილი იმედის კონცხის გავლით დაიწყეს ტვირთების გადაზიდვა.

გაეროს „ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციის“ მონაცემებით, სუეცის არხზე ყოველდღიური ტრანზიტი 39 პროცენტით, ხოლო ტვირთების მოცულობა 45 პროცენტითაა შემცირებული.

ევროკავშირის კომისარმა ეკონომიკის საკითხებში პაოლო ჯენტილონიმ გასულ კვირას განაცხადა, რომ მარშრუტის შეცვლის შედეგად, აზიასა და ევროკავშირს შორის ტვირთების მიწოდების დრო 10-15 დღით, ხოლო გადაზიდვების ღირებულება 400 პროცენტით გაიზარდა.

გამოგვყევით