logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

"ბახმაროში სტიქია არ არის - ყველაფერი რიგზეა, კარგად ვისვენებთ" - "პანორამა ბახმარო"

ვერ ვიტყვით, რომ დღეს ბახმაროში სტიქიაა. წვიმის შედეგად დიდი ზარალი არავის მისდგომია. ერთ-ერთი კოტეჯი დააზიანა, თუმცა ეს სტიქია არ არის - ყველაფერი რიგზეა, კარგად ვისვენებთ, -  ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორს" სასტუმრო "პანორამა ბახმაროს"  დამფუძნებელმა და მფლობელმა გიორგი კეჭაყმაძემ  განუცხადა, რითაც გამოეხმაურა მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ბახმაროში სტიქიაა.

მისივე თქმით, ამჟამად, გზის გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს და პანიკის საფუძველი არ არსებობს. 

"ზამთარში ზვავმა კოტეჯები წაიღო, მაგრამ არც ის იყო სტიქია, რადგან არასწორ ადგილას იდგა კოტეჯები. ამ შემთხვევაშიც ადამიანს დაუზიანდა კოტეჯი, თუმცა სტიქიას ამას ვერ დავარქმევთ. გზებზე მდინარისგან ჩამოტანილი ნარჩენებია და ამას მოსახლეობა თავადაც გავწმენდთ. გუშინ წვიმის დროს გამოვედით და ხალხთან აქტიურ კომუნიკაციაში ვიყავით, რომ პანიკა არ გაჩენილიყო. ასევე, ადგილზე იყვნენ თანამდებობის პირებიც, რომლებიც მოსახლეობას ამშვიდებდნენ და ეხმარებოდნენ. ყველა ერთმანეთის გვერდით ვართ და არანაირი პანიკის საფუძველი არ არსებობს. ტექნიკაც მუშაობს. კურორტზე დამსვენებლებიც არიან, მზიანი ამინდიც გვაქვს და ყველაფერი კარგად არის", - აცხადებს გიორგი კეჭაყმაძე.

ცნობისთვის, მედიაში გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ბახმაროს კურორტზე წვიმის შედეგად ინფრასტრუქტურა, მათ შორის, კოტეჯები და გზები დაზიანდა.

გამოგვყევით