გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ახალგაზრდული სასწავლო პროგრამის „აგროსკოლა” 2026 წლის სეზონი დასრულდა.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, პროგრამაში საქართველოს სხვადასხვა რეგიონის IX-XII კლასების მოსწავლეები მონაწილეობდნენ.
უწყების განმარტებით, სასწავლო კურსი სოფლის მეურნეობის მიმართულებების თეორიულ და პრაქტიკულ სწავლებას მოიცავდა.
„პროგრამის ფარგლებში მოსწავლეებმა მოინახულეს ღვინის ეროვნული სააგენტოს ღვინის მუზეუმი, სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორია, ირმა ჭანტურიას სახელობის ღვინის ლაბორატორია და სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ბაზები.
ვიზიტების ფარგლებში მონაწილეებმა მიიღეს ინფორმაცია მევენახეობა-მეღვინეობის, სურსათისა და ღვინის ხარისხის კვლევის, მცენარეთა და ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკის, ნიადაგის კვლევის, მცენარეთა in vitro გამრავლების, ჰიდროპონიკისა და თანამედროვე აგროტექნოლოგიების შესახებ. მოსწავლეები ასევე გაეცნენ აღნიშნული მიმართულებების სპეციალისტების საქმიანობას და შესაბამის ტექნოლოგიებს.
პროგრამის ერთ-ერთი მიმართულება მელიორაციის საკითხებსაც დაეთმო. მონაწილეებმა დაათვალიერეს სამელიორაციო ინფრასტრუქტურა და მიიღეს ინფორმაცია სასოფლო-სამეურნეო მიწების სარწყავი წყლით უზრუნველყოფისა და მელიორაციის სისტემების ფუნქციონირების შესახებ.
სასწავლო ვიზიტების ფარგლებში მოსწავლეებისთვის ასევე მნიშვნელოვანი იყო დარგის სპეციალისტებთან შეხვედრები. მათ მიიღეს ინფორმაცია სოფლის მეურნეობაში გამოყენებული თანამედროვე მიდგომებისა და ტექნოლოგიების შესახებ.
„აგროსკოლა” 2022 წლიდან ხორციელდება და მისი მიზანია პროფესიული განათლების პოპულარიზაცია, ახალგაზრდებისთვის აგრარული პროფესიების შესახებ ინფორმაციის მიწოდება, პროფესიული არჩევანის გააზრების ხელშეწყობა და სოფლის მეურნეობის სფეროთი ახალგაზრდების დაინტერესება“,-აღნიშნულია ინფორმაციაში.