"მოცვის გაშენება კიდევ გრძელდება, რაც საშუალებას მოგვცემს, 25 000-დან 30 000-ს ტონამდე მოცვი ვაწარმოოთ, ეს კი, ფულად გამოსახულებაში $200-დან 300 მლნ-მდე იქნება", - ამის შესახებ “აგრო 1959”-ის მმართველმა პარტნიორმა, გიორგი ხანიშვილმა გადაცემა „ბიზნესპარტნიორში“ განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, მოცვი კულტურაა, რომელიც საქართველოს არ ჰქონდა და რუკაზე უცებ გაჩნდა.
„მოცვთან დაკავშირებული სიტუაცია, მიხარია... ჩემი მინისტრის მოადგილედ მუშაობის პერიოდში, ლურჯი მოცვის წახალისების პროექტით დავიწყეთ. ეს ყველაფერი ვითარდება და დღეს უკვე 7000-დან 8000-ს ტონის წარმოებაზე ვსაუბრობთ. გაშენებულია პლანტაციები, რომელიც თითქმის 2500-ს ჰექტრს მოიცავს. პროცესი კიდევ გრძელდება," - აღნიშნა ხანიშვილმა.
ამასთან, “აგრო 1959”-ის მმართველი პარტნიორი აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ დაფინანსებულმა პროექტებმა შედეგები მოიტანა.
„ბუნებრივია აშენდება მაცივრებიც, ყველაფერი იქნება... მთავარია ამ შემთხვევაში დავიწყოთ. როდესაც 2024 წლის სტატისტიკას ვაკვირდებით, ნათლად ჩანს, თუ ამ ყველაფერმა რა შედეგები მოიტანა“, - განაცხადა ხანიშვილმა.
ცნობისთვის, საქართველოში მოცვის პირველი ნერგები 2011 წელს გაჩნდა და ამ კულტურის წარმოება პროგრამის „დანერგე მომავალის“ ფარგლებში დაიწყო. პირველი კომერციული მოსავალი კი 2015 წელს მიიღეს. თავდაპირველად წარმოებული პროდუქცია ექსპორტზე თითქმის სრულად რუსულ ბაზარზე გადიოდა, შემდეგ კი უკვე ბაზრების დივერსიფიკაცია დაიწყო და ქართული მოცვი ევროკავშირის ქვეყნებშიც გაიყიდა.