დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, ტროპიკული ხილ-ბოსტნეულის მწარმოებელი კომპანია, ‘’რკ ოზაანი“ გაფართოების გეგმაზე მუშაობს. კომპანიის გამგეობის თავმჯდომარე ჯაბა გოგოლაშვილი ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აცხადებს, რომ პროექტის ფარგლებში, დაახლოებით 2-3 წლიან პრიოდში, ნაკვეთის ფართობების მოცულობა 10 ჰექტარამდე გაიზრდება, წარმოების მაჩვენებელი კი, მინიმუმ, გასამმაგდება.
დღეის მდგომარეობით, ''რკ ოზაანი" 7 ჰექტარამდე ფართობს ფლობს, წარმოებული პროდუქტის მოცულობა კი 9 ტონას შეადგენს. მეურნეობის გაფართოება ‘’რკ ოზაანს“ დაახლოებით 200 000 ლარი უჯდება.
ჯაბა გოგოლაშვილის თქმით, კომპანია დაახლოებით 2- 3 წელიწადში ექსპორტის განხორციელებას შეძლებს. საორიენტაციო ბაზარი ევროპაა, პირველ რიგში, პოლონეთი და გერმანია.
კომპანია ორიენტირებულია ისეთი ტროპიკული ბოსტნეულის ისეთი სახეობების მოყვანაზე, რომელსაც ქართულ ბაზარზე განვითარების პოტენციალი გააჩნია. ასეთია არტიშოკი, სატაცური, კამელონი და კივანო. 2023 წელს ჯანჯაფილისა და პიტაჰაიას ( დრაკონის ხილი) წარმოება სცადა, თუმცა ამ მიმართულებამ ვერ გაამართლა.
მეწარმე მიზეზად კლიმატურ პირობებს მიიჩნევს. თბილ კლიმატურ პირობებს შეჩვეული ბოსტნეული ჩვენს ქვეყანაში ნაკლებად ხარობს, თუმცა არის გამონაკლისიც. ამჟამად რამდენიმე ეგზოტიკური ხილის წარმოება ‘’ოზაანის“ მეურნეობაში ექსპერიმენტს გადის. გოგოლაშვილის ინფორმაციით, კამელონი და კივანოს შემთხვევაში, შედეგმა გაამართლა და მეწარმე წელს 1.3 ტონამდე მოსავალს ელოდება.
პროდუქტი ადგილობრივ ბაზარზე ძირითადად ქსელურ მარკეტებში იყიდება.
"ტროპიკული ბოსტნეულის მოშენება გარკვეულ რისკთან არის დაკავშირებული, რადგან ცივ ჰავას ვერ ეგუებიან. სწორედ ამ შეუთავსებლობის გამო ჩაგვივარდა ჯანჯაფილის წარმოების გეგმა, ვერც პიტაჰაიამ გაამართლა. როგორც წესი, ამ მცენარეებს განვითარების ხანგრძლივი პერიოდი აქვთ, რომელიც 10 თვე გრძელდება. ამიტომ მათი მოყვანა სათბურში ვცადე, მაგრამ მაინც დავრჩი უკმაყოფილო და შევეშვი. თუმცა კამელონმა და კიმანომ გაამართლეს. საცდელად მქონდა მცირე ფართობზე გაშენებული. ვფიქრობ, კარგი საექსპორტო პროდუქტია, რასაც ადგილობრივ ბაზარზე ვერ ვიტყვი, ეგზოტიკური ხილი საქართველოში უფრო ცნობისმოყვარეობის გამო იყიდება, ჩვენი მომხმარებლისთვის საკვებ პროდუქტთან არ ასოცირდება, შესაბამისად, დაბალი მოთხოვნაა. ამიტომ სამომავლოდ, როცა ჰექტარიანობას გავზრდით, უკვე ექსპორტსაც დავიწყებთ“, - ამბობს ჯაბა გოგოლაშვილი.
რაც შეეხება ფასებს, ქსელურ მარკეტებში ‘’რკ ოზაანის“ მიერ წარმოებული 1 კგ. სატაცურის ფასი 25 ლარამდეა; არტიშოკი სეზონზე 35 ლარად იყიდება, ამდენივე ღირს კივანო. პიტაჰაიას ფასი 15-22 ლარის ფარგლებშია.
ცნობისთვის, კოოპერატივი „რკ ოზაანი“ დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში 2015 წელს დარეგისტრირდა. პროექტის საინვესტიციო ღირებულება 0.5 მილიონი ლარია.