logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

მეფუტკრეები შემცირებულ მოსავალს ელიან - "ცივი გაზაფხული გახანგრძლივდა, რამაც მცენარეთა ყვავილობის პროცესი დააგვიანა"

ქართველი მეფუტკრეები წელს თაფლის შემცირებულ მოსავალს ელიან. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა, ალეკო პაპავამ განუცხადა, მიზეზი კლიმატური პირობებია.

წელს, ცივი გაზაფხული გახანგრძლივდა, რამაც მცენარეთა ყვავილობის პროცესი დააგვიანა და ამან მთელი პრობლემების ჯაჭვი შექმნა. კერძოდ, შემცირდა ნექტრის გამოყოფა და შეფერხდა ფუტკრის ოჯახების განვითარება, რამაც თავის მხრივ  თაფლის წლიურ მოსავალზე გავლენა იქონია“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

მან განსაკუთრებული ყურადღება აკაციის თაფლის მოსავლის შემცირებაზე გაამახვილა.

„ცუდი ამინდები სწორედ აკაციის ყვავილობას დაემთხვა. ამიტომ, ველოდებით, რომ წინა წელთან შედარებით, შემცირებული იქნება აკაციის თაფლი, რომელზე მოთხოვნაც ევროკავშირის ბაზრებიდან იყო. ეს არის მონოფლორული თაფლი, რომელიც ძირითადად ერთი მცენარის ნექტრისგან არის მიღებული. რაც შეეხება პოლიფლორულ თაფლს, იმედი გვაქვს, რომ წელს ამ მიმართულებით მაინც გვექნება ზრდა. ჯამში, შემიძლია ვთქვა, რომ ადგილობრივი ბაზარი ქართული თაფლის გარეშე არ დარჩება“, -  განმარტა მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.

გარდა კლიმატის ცვლილების გამო შემცირებული მოსავლისა, ქართული თაფლის ინდუსტრია სხვა გამოწვევების წინაშეც დგას, რაც ფუტკრის დაავადებებს, მცირე წარმოებებს და საექსპორტოდ არასაკმარის მოცულობებს უკავშირდება.

„სექტორის დამატებით განვითარებისთვის და დიდი მოცულობის თაფლის წარმოებისთვის აუცილებელია, ქვეყანაში კომერციული საფუტკრეების რაოდენობა გაიზარდოს. დღეს, საქართველოში 15 000-ზე მეტი მეფუტკრეა, თუმცა მათი 95% მცირე მეურნეობების მფლობელია. მხოლოდ 5%-ია ბიზნესის თვალსაზრისით განვითარებული. სწორედ მეფუტკრეების ამ 5% -ს გააქვს საკუთარი ნაწარმი ექსპორტზე. რაც შეეხება ფუტკრის ოჯახებს, დღეს საქართველოში 300 ათასამდე ფუტკრის ოჯახია და აუცილებელია, რომ ეტაპობრივად, მათი რაოდენობა 900 ათასამდე გაიზარდოს. ამ შემთხვევაში, ქართული თაფლით ადგილობრივი ბაზრის დაკმაყოფილებასაც შევძლებთ და ექსპორტზე გასვლასაც“, - განაცხადა მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა.

მან ქართული თაფლის ხარისხზეც ისაუბრა და თქვა, რომ ადგილობრივი თაფლი მაღალი ხარისხითა და გემოვნური თვისებებით გამოირჩევა. აქედან გამომდინარე, ქართულ თაფლზე გლობალურ ბაზრებზე მაღალი მოთხოვნაა, თუმცა ქვეყნების მიხედვით ეს მოთხოვნა განსხვავდება. მაგალითისთვის, ევროკავშირის ბაზარზე - აკაციის თაფლია მოთხოვნადი, აზიურ ბაზრებსა და გალფის სახელმწიფოებში კი - წაბლისა და სხვა ტიპის თაფლი.

„ვინაიდან, მიმდინარე წელს ქვეყანაში აკაციის თაფლის მოსავალი მნიშვნელოვნად შემცირებულია, ვფიქრობ, თაფლის ექსპორტს უმეტესად არაევროპულ ბაზრებზე მოვახდენთ, მათ შორის - ჩინეთსა და გალფის ქვეყნებში. რამდენადაც ვიცი, 4 ტონა თაფლი უკვე ემზადება საექსპორტოდ, ჩემი ინფორმაციით, კატარში“, - აღნიშნა ალეკო პაპავამ.

ცნობისთვის, 2026 წლის პირველ კვარტალში საქართველოდან ექსპორტზე 17 ათასი დოლარის ღირებულების 400 კილოგრამი თაფლი გავიდა. მთავარი საექსპორტო ბაზრები - არაბთა გაერთიანებული საამიროები და ჰონკონგი იყვნენ.

გამოგვყევით