მსოფლიო ღვინის კალენდარში საფერავის დღის გაჩენა მის საერთაშორისო მნიშვნელობაზე მიუთითებს, - ამის შესახებ საქართველოს სომელიეთა ასოციაციის თავმჯდომარემ, შალვა ხეცურიანმა გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ღვინო და ტურიზმი ქვეყნის მარჯვენა და მარცხენა ხელია და აღნიშნულს ბევრი ქვეყნის მაგალითი ცხადად აჩვენებს.
"მსოფლიო ღვინის კალენდარი ყველა მნიშვნელოვანი ღვინის დღის ჩამონათვალია და ყველა ქვეყანას თავისი განსაკუთრებული დღე აქვს. ჯამში, ეს არის 50-მდე დღესასწაული. აღნიშნულ კალენდარში 30 ნოემბერს საფერავის გაჩენა ნიშნავს იმას, ეს არის საერთაშორისო მნიშვნელობის ჯიში. საფერავის დღე - არის საქართველოზე ხაზგასმა. საქართველოში წელს საფერავის დღის აღნიშვნა თელავში, ისტორიულ მუზეუმში გაიმართა. გარდა ამისა, რუსთაველის ეროვნულ თეატრში გვქონდა სპექტაკლი - "ღვინის დაბადება". არამატერიალურ კულტურაში არის ჩვენი კინო, მუსიკა, თეატრი, კულტურა, ფერწერა, მაგრამ მატერიალურ კულტურაში რთულია ღვინოზე მნიშვნელოვანი იპოვო. ამ ყველაფრის სინთეზი კი მეტ შანსს გვაძლევს ჩვენი კულტურის ექსპორტი მოვახდინოთ და ღვინო ამის ერთ-ერთი გამორჩეული ნაწილია.
ცნობადობით მსოფლიოში ყველაზე ცნობილი ხორცის კერძი არის სტეიკი. გვინდა ვეცადოთ, რომ ღვინის მოყვარულების ეთერში მოვახვედროთ საფერავი, როგორც სტეიკი. სხვა მარკეტინგული ღონისძიებების გარდა, სპექტაკლი "ღვინის დაბადება" გვინდა საექსპორტო პროდუქტად ვაქციოთ. ვფიქრობთ, რომ ეს სპექტაკლი, ფილმთან ერთად, რომელსაც ახლა ვიღებთ მაქსიმალურად ბევრ ქვეყანაში გავიტანოთ როგორც ჩვენი კულტურული პროდუქტი", - აცხადებს შალვა ხეცურიანი.
ცნობისთვის, მსოფლიო ღვინის კალენდარში 30 ნოემბერი საფერავის დღედ დაწესდა, რომელიც სომელიეთა ასოციაციის 68 წევრ ქვეყანაში აღინიშნება.