პომიდორი საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე ფართოდ გავრცელებული კულტურაა, თუმცა მოსავალი მუდმივად დგას საფრთხის წინაშე. რისკებს ქმნიან როგორც დაავადებები და მავნებლები, ისე ფიზიოლოგიური დარღვევები, რომლებიც გარეგნულად დაავადებებს ძალიან ჰგავას. არსებული მონაცემებით, მოსავლის 30-50% სწორედ ამ ფაქტორების ზემოქმედებით ნადგურდება.
ამ დანაკარგის შესამცირებლად აუცილებელია ვიცოდეთ, თუ როგორ ვლინდება მცენარის დაზიანება, რა იწვევს მას და როგორია პრობლემის მოგვარების სწორი გზები. ბლოგში პომიდვრის ძირითად მავნებლებსა და დაავადებებს განვიხილავთ. ამასთანავე, შევეხებით იმ ფიზიოლოგიურ ცვლილებებს, რომლებიც ფერმერებს ხშირად ინფექციურ დაზიანებებში ერევათ.
დაავადება თუ სტრესი?
ფოთოლზე გაჩენილი ლაქა, ჭკნობა ან გაყვითლება ყოველთვის ინფექციაზე არ მიგვანიშნებს. ხშირად ამის მიზეზი აბიოტური სტრესია, რასაც ტემპერატურის რყევა, მორწყვის არასტაბილური რეჟიმი ან საკვები ელემენტების დეფიციტი იწვევს. ამ ორი მოვლენის ერთმანეთისგან გარჩევა რამდენიმე გზითაა შესაძლებელი.
პირველ რიგში, შეაფასეთ გავრცელების ხასიათი. ინფექციური დაავადება ერთი ძირიდან მეორეზე ვრცელდება და თავდაპირველად სწორედ გვერდით მდგომ მცენარეებს გადაედება. სტრესი კი, განლაგების მიუხედავად, ერთდროულად აზიანებს ყველა იმ ნერგს, რომელიც მსგავს გარემო პირობებში იმყოფება.
ასევე დააკვირდით პათოგენის ხილულ კვალს. სოკოვან ინფექციას ხშირად თან ახლავს თეთრი, მონაცრისფრო ან მუქი ნადები ფოთლის ზედაპირზე. ბაქტერიული დაზიანების დროს კი ლაქიდან შესაძლოა წებოვანი, ლორწოვანი სითხე გამოიყოს. სტრესულ მდგომარეობას მსგავსი ნიშნები არ ახასიათებს.
ყურადსაღებია ფოთლის ფერი და სტრუქტურა. სტრესის დროს მწვანე შეფერილობა ნარჩუნდება, თუმცა ფოთოლი ჭკნება, იხვევა ან დუნდება. ინფექციის შემთხვევაში ფერი აუცილებლად იცვლება: ზედაპირი ყვითლდება, მუქდება ან ნეკროზული ლაქებით იფარება.
ბოლოს, გაითვალისწინეთ საერთო კონტექსტი. თუ სიმპტომების გამოჩენას წინ უძღოდა სიცხის ტალღა, გვალვის შემდეგ მოსული ძლიერი წვიმა, გადარგვა ან მორწყვის სქემის ცვლილება, სავარაუდოდ, მცენარე სტრესშია. თუ ამინდი და მორწყვის რეჟიმი სტაბილური იყო, სიმპტომები კი თანდათან სხვა ნერგებზეც ვრცელდება, მაშინ მიზეზი ინფექციაა.
პომიდვრის ძირითადი ფიზიოლოგიური დარღვევები
ფიზიოლოგიურ დარღვევებს გარემო ფაქტორები და კვების არასწორი ბალანსი იწვევს. პომიდვრის მოყვანისას რამდენიმე მათგანი განსაკუთრებით ხშირად იჩენს თავს.
ნაყოფის წვერის სიდამპლე მაშინ იწყება, როცა მცენარისთვის კალციუმის მიწოდება ფერხდება. ამას ძირითადად მორწყვის არათანაბარი რეჟიმი იწვევს, რადგან მცენარე კალციუმს წყალთან ერთად ითვისებს. შესაბამისად, გვალვასა და ჭარბ ტენიანობას შორის მკვეთრი მონაცვლეობა ამ ელემენტის მოძრაობას აფერხებს. ნაყოფის ქვედა ნაწილზე ჩნდება წყლიანი ლაქა, რომელიც თანდათან მუქდება და ტყავისებრ ფაქტურას იღებს. პრობლემის პრევენციისა და მკურნალობისთვის აუცილებელია ნაყოფის გამონასკვის ფაზიდანვე მცენარის კალციუმით ეფექტური გამოკვება (მაგალითად, ამინომჟავებით კომპლექსირებული კალციუმის ან კალციუმის ნიტრატის პრეპარატებით), რაც ამ ელემენტის სწრაფ ათვისებას უზრუნველყოფს.
მზის დამწვრობა იმ ნაყოფს აზიანებს, რომელიც ხანგრძლივად იმყოფება პირდაპირი სხივების ქვეშ. ეს ხშირად ფოთლოვანი საფარის სიმცირით არის გამოწვეული, რაც ძლიერი გასხვლის, დაავადების ან მძაფრი სიცხის შედეგია. დაზიანებულ მხარეს თავდაპირველად ჩნდება მოთეთრო ლაქა, რომელიც შემდეგ შრება და ქვემოთ იზნიქება. ასეთ ადგილებში ადვილად იჭრებიან სოკოები, რაც ლპობას იწვევს.
ნაყოფის დასკდომა სწრაფი ზრდის შედეგია და უმეტესად ხანგრძლივი გვალვის შემდეგ მოსულ უხვ ნალექს ან ძლიერ მორწყვას უკავშირდება. როცა მცენარე წყალს სწრაფად იწოვს, ნაყოფი ზომაში მკვეთრად იმატებს, გარე კანი კი ამ პროცესს ვერ უძლებს და სკდება. გაჩენილ ნაპრალებში ბაქტერიები იჭრება, რის გამოც დაზიანებული პომიდორი მალევე ფუჭდება. ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად უმნიშვნელოვანესია მორწყვის თანაბარი რეჟიმის შენარჩუნება, რათა ნიადაგი მკვეთრად არ გამოშრეს. გარდა ამისა, კალციუმითა და ბორით დროული გამოკვება ხელს უწყობს ნაყოფის კანის ელასტიურობის ამაღლებას, რაც საგრძნობლად ამცირებს დატეხვის რისკს სიცხესა და უხვ ნალექს შორის მონაცვლეობისას.
ფოთლის ფიზიოლოგიური დახვევა ვირუსული ინფექციის ნიშნებს ჰგავს, თუმცა მისი რეალური გამომწვევი სიცხე, წყლის დეფიციტი ან რადიკალური გასხვლაა. სტრესის დროს კიდეები ზემოთ, ცენტრისკენ იკეცება, ფირფიტა სქელდება და ტყავისებრ ფაქტურად იღებს თუმცა მწვანე შეფერილობა უცვლელი რჩება. ვირუსის შემთხვევაში კი ფოთოლი ფერს იცვლის (ყვითლდება ან ჭრელდება), კნინდება, დეფორმირდება, მცენარე ზრდას წყვეტს და ეს სიმპტომები მეზობელ ნერგებზეც გადადის.
ყვავილცვენა მაღალი ტემპერატურის დროს ვლინდება, როცა დღისით სიცხე 32°C-ს აჭარბებს, ღამით კი 20°C-ზე მაღალია. ასეთ პირობებში მტვრის მარცვლის სიცოცხლისუნარიანობა იკარგება, განაყოფიერება ვეღარ ხერხდება და ყვავილი ცვივა. ცხელ პერიოდში მცენარის დასახმარებლად და ყვავილობის სტიმულირებისთვის ეფექტურია ამინომჟავებისა და ბორის შემცველი ანტისტრესული პრეპარატების გამოყენება ფოთლოვანი გამოკვების გზით.
პომიდვრის მავნებლები
მავნებლები პომიდვრის მოსავალს ზოგჯერ დაავადებებზე მეტადაც აზარალებს, რადგან გარდა პირდაპირი ფიზიკური ზიანისა, ბევრი მათგანი ვირუსული ინფექციების გამავრცელებელიცაა.
ტკიპები, განსაკუთრებით აბლაბუდიანი და ჟანგა, კულტურისთვის დიდ საფრთხეს ქმნის. ისინი ფოთლებიდან, ღეროდან და ნაყოფიდან წვენს წოვს. დაზიანებული ნაწილები ჭკნება, ნაყოფზე კი ჟანგისფერი, კორპისებრი ქსოვილი ყალიბდება. მაღალი ტემპერატურა და დაბალი ტენიანობა მათ გამრავლებას აჩქარებს. ერთი მწერი 50-მდე კვერცხს დებს, რის გამოც კოლონია რამდენიმე დღეში მრავლდება. მათი ეფექტური კონტროლისთვის აუცილებელია სპეციფიკური აკარიციდების გამოყენება, რადგან ჩვეულებრივი ინსექტიციდები ტკიპებზე არ მოქმედებს. ამ მავნებლებთან ბრძოლაში საიმედო დამცავ საშუალებებად მიიჩნევა ისეთი კონკრეტული პრეპარატები, როგორიც არის ობერონი და აკრამაიტი.
ბუგრი მცირე ზომის მწუწნი მავნებელია, რომელიც მცენარის ნორჩ ნაწილებზე სახლდება. წვენის გამოწოვის შედეგად ახალგაზრდა ფოთლები იკრუნჩხება, დეფორმირდება და განვითარებაში ჩამორჩება. გარდა პირდაპირი ზიანისა, ბუგრი მოზაიკის ვირუსის ერთ-ერთი მთავარი გადამტანია. მავნებლის პოპულაციის გასაკონტროლებლად ეფექტურია სისტემური და კონტაქტური ინსექტიციდების დროული გამოყენება, რაც მცენარეს ვირუსული ინფექციებისგანაც დაიცავს.
ხვატარი ღამის პეპლის მუხლუხია, რომელიც ბოსტნეულს აზიანებს. ის მცენარის ფოთლებითა და ღეროებით იკვებება, ხშირად აღწევს ნაყოფამდეც და მას ხვრეტს. ძლიერი გავრცელებისას ხვატარმა შესაძლოა მთელი მოსავალი გაანადგუროს. რადგან მავნებელი ძირითადად ღამის საათებში აქტიურდება, მასთან ბრძოლა გვიან საღამოს შესხურებით არის ყველაზე ეფექტური. მის წინააღმდეგ განსაკუთრებით მაღალ ეფექტურობას ავლენს ტრანსლამინარული მოქმედების ინსექტიციდები, რომლებიც მცენარის ქსოვილებში აღწევს და ნაყოფში უკვე შეპარულ მუხლუხსაც კი ანადგურებს.
კოლორადოს ხოჭო და მახრა ძაღლყურძენისებრთა ოჯახის კულტურების, მათ შორის პომიდვრის უმთავრესი მავნებლებია, თუმცა მათი ცხოვრების წესი განსხვავებულია. კოლორადოს ხოჭო აზიანებს მცენარის ფოთლოვან ნაწილს, იგი სწრაფად მრავლდება და საქართველოს ბარის პირობებში სეზონზე ორ ან სამ თაობას იძლევა. მახრა კი მიწისქვეშა მავნებელია, რომელიც ღრღნის ფესვთა სისტემასა და ფესვის ყელს. კოლორადოს ხოჭოს წინააღმდეგ ეფექტურია სისტემური ინსექტიციდების, მათ შორის იმიდაკლოპრიდისა და თიაკლოპრიდის შესხურება, ხოლო ფარულად მოქმედი მახრას დასათრგუნად აუცილებელია ნიადაგში სპეციალური მოწამლული სატყუარა გრანულების შეტანა ან ნერგების გადარგვისას ფესვის ზონის დამუშავება.
მავნებლებთან ბრძოლისთვის გამოიყენება შესაბამისი მოქმედების ინსექტიციდები და აკარიციდები. პრეპარატის შერჩევა დამოკიდებულია მავნებლის სახეობაზე, მისი განვითარების ეტაპსა და მცენარის ფენოფაზაზე.
პომიდვრის დაავადებები
ფიზიოლოგიური დარღვევებისგან განსხვავებით, ქვემოთ მოცემული პრობლემები პათოგენური ორგანიზმების, კერძოდ სოკოების, ბაქტერიებისა თუ ვირუსების ზემოქმედებით ვითარდება. თითოეულ მათგანს ინდივიდუალური სიმპტომატიკა, გავრცელების პირობები და მართვის სპეციფიკური მიდგომა ახასიათებს.
ფიტოფტოროზი
ფიტოფტოროზი პომიდვრის ყველაზე გავრცელებული და აგრესიული პათოლოგიაა. მის განვითარებას თბილი და ტენიანი გარემო უწყობს ხელს, განსაკუთრებით მაშინ, როცა დღის ტემპერატურა 18–22°C ფარგლებშია, ღამით კი ნალექი ან ცვარი შეინიშნება. დაავადება აზიანებს ფოთოლს, ღეროსა და ნაყოფს. თავდაპირველად კიდეებზე ჩნდება მუქი, წყლიანი ლაქები, რომლებიც სწრაფად ფართოვდება. ნესტიან ამინდში ფოთლის ქვედა მხარეს თეთრი ნადები იქმნება. მწვანე პომიდორზე უფორმო, მონაცრისფრო ყავისფერი ლაქები ჩნდება, რაც საბოლოოდ მოსავლის ლპობას იწვევს.
ფიტოფტოროზის მართვისთვის აუცილებელია დარგვის სიმჭიდროვის დაცვა, ზომიერი მორწყვა და მცენარეული ნარჩენების დროული მოცილება. პირველივე ნიშნებისას რეკომენდებულია ფუნგიციდების, მაგალითად, არმეთილი C-სა და მელოდი კომპაქტის გამოყენება.
ალტერნარიოზი
ალტერნარიოზი, იგივე ადრეული სიდამწვრე, სოკოვანი პათოლოგიაა, რომელიც თბილ და პერიოდულად წვიმიან ამინდში აქტიურდება. დაზიანება ქვედა, შედარებით ძველი ფოთლებიდან იწყება, სადაც მუქი ყავისფერი, მშრალი ლაქები ჩნდება. მათ რგოლებისებრი სტრუქტურა აქვთ. დროთა განმავლობაში ეს ლაქები ერთიანდება და ფოთლის გახმობას იწვევს. ღეროზე დაზიანება მოგრძო ფორმისაა და მკვეთრი კონტურებით გამოირჩევა. ნესტიან ამინდში ზედაპირზე შავი ნადები ჩნდება, რაც სოკოს სპორების არსებობაზე მიუთითებს.
ქიმიური დაცვისა და მკურნალობისთვის გამოიყენება სისტემური მოქმედების ფუნგიციდები ( მაგალითად, ინფინიტო), რომლებიც შეიცავენ დიფენოკონაზოლს, ტებუკონაზოლს ან სტრობილურინების ჯგუფის მოქმედ ნივთიერებებს.
სეპტორიოზი
სეპტორიოზი, ანუ ფოთლის თეთრი ლაქიანობა, უმეტესად მწვანე მასას აზიანებს. პროცესი ქვედა ფოთლებიდან, ნაყოფის გამონასკვის პერიოდში ვითარდება. ჩნდება მცირე ზომის მრგვალი ლაქები მუქი კიდეებითა და ღია ცენტრით, სადაც შავი წერტილები, ანუ სოკოს სპოროვანი ორგანოები შეიმჩნევა. ძლიერი გავრცელებისას ფოთლები ყვითლდება და ცვივა, რაც კულტურას ასუსტებს და ნაყოფს მზის დამწვრობის წინაშე დაუცველს ტოვებს.
ამ დაავადების პრევენციისთვის ეფექტურია სპილენძის შემცველი კონტაქტური ფუნგიციდების გამოყენება, ხოლო პირველივე სიმპტომების გამოჩენისას საჭიროა ნათესის დამუშავება სისტემური მოქმედების პრეპარატებით (მაგალითად, ტრიაზოლების ან სტრობილურინების ჯგუფიდან), რომლებიც დაავადებას შიგნიდან აჩერებს.
ფესვის სიდამპლე
ფესვის სიდამპლე ნიადაგის სოკოებით გამოწვეული პრობლემაა. მის განვითარებას ჭარბი ტენიანობა, ცუდი დრენაჟი და მკვრივი ნიადაგი უწყობს ხელს. დაზიანებული ნერგი ზრდას ანელებს, ქვედა ფოთლები ყვითლდება, საბოლოოდ კი მცენარე ჭკნება. ფესვები ამ დროს ყავისფერი ან შავია და ადვილად იფხვნება.
ამ პრობლემის პრევენციისთვის აუცილებელია ნიადაგის ღრმა დამუშავება და წვეთოვანი მორწყვის სწორი მართვა. ვინაიდან განვითარებულ დაავადებასთან ქიმიური ბრძოლა რთულია, ნერგების გადარგვისთანავე ან პირველივე სიმპტომების გამოჩენისას საუკეთესო შედეგს იძლევა წვეთოვანი სისტემით სპეციფიკური ნიადაგის ფუნგიციდების ან სასარგებლო მიკროორგანიზმების შეტანა. ფესვთა სისტემის საიმედო დაცვისთვის გამოიყენება პროპამოკარბ ჰიდროქლორიდის ბაზაზე დამზადებული საშუალებები, მაგალითად, პრევიკურ ენერჯი, ან ტრიქოდერმას (Trichoderma) შემცველი ბიოპრეპარატები, როგორიც არის სერენადე ასო.
ვირუსული დაავადებები
პომიდვრის ვირუსული დაავადებებიდან ყველაზე გავრცელებული მოზაიკა, ნაყოფის ლაქოვანი ჭკნობა (TSWV) და ფოთლის ყვითელი დახვევაა. ამ ინფექციებს ძირითადად მწუწნი მწერები – თეთრი ბუზი, თრიფსები და ბუგრები ავრცელებენ, ხოლო მოზაიკა შესაძლოა მექანიკურადაც, გასხვლისას, ინფიცირებული ხელებითა თუ ინსტრუმენტებით გადავიდეს. დაავადებულ მცენარეზე ფოთლები ჭრელდება, დეფორმირდება და ნაოჭდება, ნაყოფი კი ფორმას კარგავს. ვირუსთან პირდაპირი ქიმიური ბრძოლა შეუძლებელია, რადგან პათოგენი უჯრედის შიგნით ვითარდება. ერთადერთი გამოსავალი ვირუსგამძლე ჰიბრიდების შერჩევა, მავნებლების მკაცრი კონტროლი და დაავადებული ძირების დროული განადგურებაა.
რატომ არის მნიშვნელოვანი ინტეგრირებული მიდგომა?
პომიდვრის დაცვა დაავადებებისა და მავნებლებისგან შედეგს მაშინ იძლევა, როცა პროცესი სისტემურ ხასიათს ატარებს. ცალკეული პრობლემის მხოლოდ ქიმიური გზით მოგვარება მოკლევადიან პერსპექტივაშია გამართლებული, სტაბილური მოსავალი კი სწორედ პრევენციული ღონისძიებების შედეგია.
თესლბრუნვა მოსავლის დაცვის ერთ-ერთი უმთავრესი პირობაა. ერთსა და იმავე ნაკვეთზე პომიდვრის ან სხვა ძაღლყურძენისებრთა კულტურების, მაგალითად კარტოფილის, ბადრიჯნისა თუ წიწაკის ზედიზედ დარგვა ნიადაგში საერთო პათოგენების დაგროვებას განაპირობებს. სასურველია, პომიდორი თავდაპირველ ადგილას მინიმუმ 3-4 წელიწადში ერთხელ დავრგოთ.
რეზისტენტული ჯიშებისა და ჰიბრიდების შერჩევა დაავადებებთან ბრძოლის ეფექტური გზაა. თანამედროვე ჰიბრიდები გენეტიკურად მედეგია ფიტოფტოროზის, ვირუსების, ნემატოდებისა და სხვა გავრცელებული პათოგენების მიმართ.
მორწყვის სწორ რეჟიმს პრევენციაში მნიშვნელობანი ადგილი აქვს. ღია გრუნტში წვეთოვანი სისტემა დაწვიმებით მორწყვას სჯობს, რადგან ფოთლებზე წყლის დაგროვება სოკოვანი ინფექციების გავრცელების რისკს ზრდის. ტენიანობის სიხშირე ნიადაგის ტიპზე, ტემპერატურასა და მცენარის განვითარების ფაზაზეა დამოკიდებული. გავრცელებული შეცდომები მცენარეთა დაცვისას
დაავადებებისა და სტრესის მიმართ მედეგი პომიდვრის ჰიბრიდები „აგროსფეროსგან“
„აგროსფეროს“ ასორტიმენტში შემავალი პომიდვრის ჰიბრიდები ხანგრძლივი სელექციის შედეგად შეიქმნა. ისინი გამძლეა გავრცელებული პათოგენების მიმართ, მარტივად არ ზიანდება და ფერმერებს უხვ მოსავალს აძლევს.
Big Rosse F1
ვარდისფერი პომიდვრის ერთ-ერთი ყველაზე მოთხოვნადი ჰიბრიდი სათბურისთვის. გამოირჩევა ნაყოფის ერთგვაროვნებით, სიმკვრივითა და საუკეთესო გემოვნური თვისებებით. მცენარე ძლიერია, კარგად უმკლავდება დაავადებებსა და ტემპერატურულ სტრესს. ნაყოფი არ იხეთქება და შესანიშნავია ტრანსპორტირებისთვის.
Big Red F1
სათბურისთვის განკუთვნილი ინდეტერმინანტული პომიდორი. მისი ნაყოფი მსხვილი, ხასხასა წითელი ფერისაა, 6 კამერიანი და კარგად შევსებული გულით. გამოირჩევა ადრეული და უხვი მოსავლიანობით. მცენარე ძლიერია, კარგად უძლებს დასკდომას და ხასიათდება მაღალი ტრანსპორტაბელურობით.
TOP 2530 F1
წითელი პომიდორი, რომელიც გამოირჩევა მკვრივი ნაყოფითა და მაღალი ტრანსპორტაბელურობით. მცენარე ძლიერი და ჯანსაღია, რეზისტენტულია მრავალი დაავადების მიმართ და ინარჩუნებს ნაყოფის ზომასა და ფორმას გახანგრძლივებული კულტივაციის დროსაც. რეკომენდებულია სათბურში ან ღია გრუნტში (საჩრდილობლის ქვეშ) მოსაყვანად, როგორც გაზაფხულზე, ისე შემოდგომაზე.
Magia F1
ღია გრუნტისთვის განკუთვნილი ძლიერი და ჯანსაღი მცენარეა. კარგი შეფოთლვა საიმედოდ იცავს ნაყოფს მზის დამწვრობისგან. აქვს მოკლე ყუნწი, ხოლო მომრგვალო-ბრტყელი ფორმის მკვრივი ნაყოფი უზრუნველყოფს მის მაღალ ტრანსპორტაბელურობას.
პომიდვრის ჰიბრიდებისა და პრეპარატების შესარჩევად, ასევე, წამლობის ეფექტიანი სქემის შესადგენად დაუკავშირდით „აგროსფეროს“ აგრო-კონსულტანტებს ნომერზე +995 322 500 900 ან ეწვიეთ კომპანიის მაღაზიათა ქსელს.