logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"შეიქმნება სამუშაო ჯგუფი, რომელიც რძის სექტორში არსებულ პრობლემებზე იმუშავებს" - კახა კონიაშვილი

"რძის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე სახელმწიფომ ფერმერების პოზიციები მოისმინა და მხარეები შეთანხმდნენ, რომ შეიქმნება ერთობლივი სამუშაო ჯგუფი, რომელიც ყველა საკითხზე ძირფესვიანად იმუშავებს",  -  ამის შესახებ  "ბიზნესპარტნიორთან" რძის პროდუქტების მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა, კახა კონიაშვილმა  განაცხადა.  

მისი ინფორმაციით, ქვეყანას რძის სექტორს განვითარების პოტენციალი აქვს და კომპლექსური მუშაობით იმპორტის ჩანაცვლება შესაძლებელია. 

"შეხვედრაზე მთელ რიგ პრობლემებზე იყო საუბარი. განხილული იყო მომხმარებელთა ინფორმირება, რომ ის შეცდომაში არ იქნეს შეყვანილი ესა თუ ის პროდუქტი რძის შემცველია, თუ მცენარეული ცხიმით არის დამზადებული და ა.შ. ჩვენ ვნახეთ, რომ სახელმწიფო ძალიან მოტივირებულია, რომ ეს დარგი განვავითაროთ და იმედი, მაქვს მომავალში ძალიან კარგ შედეგებამდე მივალთ და დარგის განვითარებას ერთობლივად შევუწყობთ ხელს.

მრავალი საკითხია გადასაჭრელი იმისთვის, რომ ქვეყანაში რძის წარმოება საკმარისი გახდეს და ჩვენ იმპორტის ჩანაცვლება რეალურად შევძლოთ. (პირველ რიგში რძის ფხვნილის იმპორტის ჩანაცვლებაზეა საუბარი და შემდეგ სხვა პროდუქტებზე). ქვეყანაში გასაუმჯობესებელია საქონლის ჯიშობრივი მიმართულება. როგორც აღვნიშნე საკითხი კომპლექსურია. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საქონელი -  ის საქონელი, რომელიც ქვეყანაშია საკმაოდ დაბალ პროდუქტიულია, მეორე მიმართულებაა ცოდნის გაღრმავება, ხოლო მესამე მიმართულებაა პირუტყვის საკვების წარმოების ხელშეწყობა. ჩვენ თუ გვინდა, რომ პროდუქტიული საქონელი გვყავდეს, მას შესაბამისი კვებაც სჭირდება. აღნიშნულის გარდა, მთელი რიგი საკითხებია, მათ შორის, საძოვრების და ა.შ., რომელზედაც აქტიურად არის სამუშაო. 

საქართველოს ტრადიციული გამოცდილებიდან გამომდინარე, აღნიშნული დარგის განვითარების პოტენციალი ნამდვილად აქვს. შესაბამისად, მონდომება და სურვილი საბოლოო შედეგს აუცილებლად გამოიღებს. მთავარია ნება, სურვილი და სახელმწიფოს მხრიდან დახმარების ეფექტიანი საფუძვლების შემუშავება", - აცხადებს კახა კონიაშვილი. 

მანვე აღნიშნა, რომ რძის სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ერთ-ერთი განსახილველი საკითხი იყო აფლატოქსინის ზღვრული ნორმა, რომელიც ერთ-ერთ გამოწვევად რჩება.

"ბოლო პერიოდში აფლატოქსინის შემოწმების მეთოდები გამკაცრდა და ზღვარი 0.005-მდე იქნა დაწეული. აღნიშნულმა, მიუხედავად იმისა, რომ ზღვრის დაწესებისკენ მისწრაფება ყველას გვქონდა, დარგში მთელი რიგი სირთულეები გამოიწვია, რადგან ზოგადად სექტორი და სახელმწიფო ამისთვის მზად არ აღმოჩნდა", - აღნიშნა კახა კონიაშვილმა. 

გამოგვყევით