logo
Loading data...
მთავარი სოფლის მეურნეობა

სტატია

"ვეგეტაციის პერიოდში დაფნის მოჭრა მოსავლის რაოდენობას შეამცირებს" - დაფნის ექსპორტიორები მთავრობას დახმარებას სთხოვენ

საქართველოს დაფნის მწარმოებელთა და ექსპორტიორთა ასოციაცია მთავრობას ტექნიკური რეგლამენტის მიღებას სთხოვს, რომელიც ვეგეტაციის პერიოდში დაფნის მოჭრას აკრძალავს. 

როგორც ასოციაციის დამფუძნებელმა დავით კუტალიამ "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, თუ დაფნის მოჭრა არასწორ პერიოდში გაგრძელდება, მოსავლის რაოდენობა შემცირდება, რაც ექსპორტზე და ქვეყანაში შემოსავლების შემოსვლაზე აისახება.

დავით კუტალიას განცხადებით, თუ რეგლამენტის მიღება არ არის შესაძლებელი, მაშინ თავად ასოციაციას მიეცეს ბერკეტი, რომ მათ ხარისხის კონტროლის უფლება ჰქონდეთ.

"გვინდა, რომ ვეგეტაციის პერიოდში დაფნის ჩაბარება შეჩერდეს. ვიცით, რომ ეს კერძო საკუთრებაა და ამაში სახელმწიფო ვერ ჩაერევა, მაგრამ გამონაკლისის სახით თუ შესაძლებელია უნდა დაუშვან აღნიშნული მიმართულებით ჩარევა, რადგან ნადგურდება დაფნა და უკუშედეგს ვიღებთ. სახელმწიფო პლანტაციების გაშენებაში გვერდით გვიდგას, მაგრამ ზოგიერთი არაკეთილსინდისიერი მწარმოებელი ნედლი დაფნის გადამუშავებას არ წყვეტს. შესაბამისად, ხარისხი არის ძალიან ცუდი და ეს საბოლოო შედეგზე აისახება. ექსპორტზე, რომ გადის ეს ცუდი ხარისხის საქონელი, რა თქმა უნდა, უარყოფითად აისახება ჩვენს იმიჯზე. გარდა ამისა, აღნიშნული ქცევა მოსავალს სპობს. მაგალითად, თუ ველოდით 5-6 ათას ტონას, მომავალში 3-4 ათას ტონას მივიღებთ.

თუ ახალი დავრგეთ და არსებული გავანადგურეთ რა აზრი აქვს. ჩვენთან საქართველოში 5-6 ათასი ტონა დაფნა მოდის და ეს რაოდენობა ჩინეთის ბაზრისთვისაც არ არის საკმარისი. აქედან გამომდინარე, სახელმწიფომ გადაწყვიტა, რომ ფერმერებს პლანტაციების გამრავლებაში დახმარებოდა, რაც მოსავალს საბოლოოდ 20-25 ათას ტონამდე მიიყვანდა. ასოციაცია ზრუნავს იმისთვის, რომ დაფნის მოსავლის რაოდენობამ სწორედ 20-25 ათას ტონას მიაღწიოს, რაც მოთხოვნას დროთა განმავლობაში, დააკმაყოფილებს. დღეს არის დაფნა და ახალი პლანტაციებიც ირგვება, მაგრამ რა აზრი აქვს თუ არსებულს გავანადგურებთ. იგივე რაოდენობა გვექნება და თუ მცენარეს არასწორ პერიოდში მოვჭრით 2-3 წელში გახმება. აქედან გამომდინარე, ექსპორტის მოცულობები შემცირდება, ქვეყანაში შემოსავლები შემცირდება და სახელმწიფო ახლა რასაც ხარჯავს წყალში გადაყრილი იქნება. ამ შედეგს წინასწარ ვხედავ და ამიტომ ვამბობ ამ ყველაფერს.

მესმის, რომ სპეციალურად კანონს ამისთვის არავინ მიიღებს, მაგრამ შესაძლებელია ტექნიკური რეგლამენტის სახით გამონაკლისი დაუშვან. ეს მცენარე ძალიან პერსპექტიულია. ამჟამად ასოციაციას არანაირი ბერკეტი არ აქვს, რომ აღნიშნული საკითხი დაარეგულიროს. შესაბამისად, ვითხოვთ, რომ ასოციაციას მაინც გადაეცეს ხარისხის კონტროლის უფლება და თუ ასოციაციის ბეჭედი არ იქნება საქონელზე მწარმოებელს აღნიშნული საქონლის გაყიდვა აეკრძალოს. ამ შემთხვევაში შეჩერდება გაჩეხვა, რადგან მწარმოებელი მიხვდება, რომ მას ასოციაცია ბეჭედს არ დაურტყამს და ვეღარ გაყიდის. ამ კუთხითაც შეიძლება ამ საკითხის მოგვარება.

ამჟამად, ასოციაციაში 9 ექსპორტიორი ვართ გაწევრიანებული. რაც შეეხება დაფნის ჩამბარებელ ქარხნებს - მათი რაოდენობა საქართველოში 250-ზე მეტია. ადგილობრივ ბაზარზე  მიღებული მოსავლის 0.1% იყიდება. საქართველოში არ არის მოთხოვნა, 3 მლნ. ადამიანს არ სჭირდება ამდენი დაფნა. ექსპორტზე გავდივართ რამდენიმე ქვეყანაში, მათ შორის, რუსეთში, ჩინეთში, ბელორუსიაში და სხვ.

აღნიშნულ საკითხზე რამდენიმე დღის წინ ფერმერთა ასოციაციას მივმართეთ, რომელიც დაგვპირდა, რომ შუამავლობას გაგვიწევდა. მე ყველანაირად ვცდილობ, რომ ყველა უწყებას ინფორმაცია მივაწოდო", - აცხადებს დავით კუტალია.

გამოგვყევით