ჩირის საშრობი აპარატების მწარმოებელი კომპანია „ენლილის“ დამფუძნებელი, სტარტაპერი ბადრი ციქუბაძე ‘’ბიზნესპარტნიორთან“ აფასებს გადაწყვეტილებას, რომელიც საქართველოში ინოვაციური სტარტაპის სტატუსის განსზღვრას და ამ სტატუსის მქონე კომპანიებისთვის საგადასახადო შეღავათების დაწესებას გულისხმობს..
როგორც ციქუბაძე განმარტავს, მისთვის როგორც სტარტაპერისთვის ეს ინიციატივა მისასალმებელია და ინოვაციური სტარტაპის სტატუსს და საგადასახადო შეღავათს თანხის რეინვესტირებაში გამოიყენებს, რადგან მაღალი გადასახადების პირობებში რამდენიმე გეგმის განხორციელება მათ შორის, ექსპორტთან დაკავშირებით, ვერ შეძლო.
,,ჩვენი სტარტაპი რეალურად არის ინოვაციური, მაგრამ მხოლოდ ახლა გვეძლევა საშუალება, სტატუსი ოფიციალურად მივიღოთ. პროტოტიპი გაკეთებული გვაქვს და პროდუქცია ბაზარზეც გავიტანეთ, მაგრამ გადასახადები დიდი დაბრკოლებაა. გარდა ამისა, პროტოტიპირებისთვის მასალების შეძენა დიდი ხარჯთანაა დაკავშირებული. ამ დროს განვითარების უდიდესი შესაძლებლობაა, რადგან მსგავსი ტიპის დანადგარები და ტექნიკა ბაზრისთვის შეთავაზებული არ არის არც საქართველოში და არც საზღვრებს გარეთ. ჩვენთვის პირადად საგადასახადო შეღავათი ნიშნავს, რომ ჩვენს საქმიანობაში რეინვესტირებას მოვახდენთ, შევიძენთ საწარმოო დანადგარებს, რომელიც აუცილებელია, ვინაიდან ხელით ვმუშაობთ, რაც გვიხანგრძლივებს შედეგს და დანადგარები კი მაღალი სტანდარტის დაცვისთვის გვჭირდება. როცა მოვძლიერდებით და წელში გავიმართებით, ჩვენი გადასახადებით აქეთ დავეხმარებით სახელმწიფოს, საწყის ეტაპზე გვჭირდება მხარდაჭერა. ამიტომ არის ეს დახმარება მნიშვნელოვანი. რეინვესტირება საშუალებას მოგვცემს, გავაძლიეროთ წარმოება და უფრო კონკურენტუნარიანი გავხადოთ“, - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.
სტარტაპერის განცხადებით, გარდა ფინანსური მხარდაჭერისა, ბიზნესის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია გლობალურ გამოფენებში მონაწილეობისთვის ხელშეწყობა, რის შესაძლებლობაც კომპანიებს ჯერჯერობით არ აქვთ.
‘’საინტერესოა გამოცდილების გაზიარება, თუ როგორ მუშაობს ბიზნესი განვითარებულ ქვეყნებში, ამისთვის უნდა შეგვეძლოს უცხოური საწარმოების დათვალიერება, როგორ აქვთ მოწყობილი საწარმოო ციკლი, რათა ველოსიპედის გამოგონება ხელმეორედ არ დაგვჭირდეს და გლობალურ მიღწევებს საფუძვლიანად გავეცნოთ. ასევე მნიშვნელოვანია სასწავლო ვიზიტები, რის დამოუკიდებლად დაგეგმვა დამწყები ბიზნესისთვის დიდ ხარჯთან არის დაკავშირებული. ელემენტარულად, ბათუმში ვერ მივიღეთ მონაწილეობა გამოფენაზე, რადგან 12 000 ლარი გვიჯდებოდა. ქვეყნის გარეთ გამოფენები და სასწავლო ვიზიტებისთვის 25 000 ლარის ფარგლებშია და მეტიც, ამიტომ რამდენიმე მცდელობა, გავსულიყავით გამოფენებზე, წარუმატებელი იყო. ვიმედოვნებთ, რომ სახელმწიფოს დახმარებით გაცილებით მეტს შევძლებთ, ამიტომ არის ასეთი მნიშვნელოვანი ინოვაციური სტარტაპების მხარდაჭერა“, - აცხადებს ბადრი ციქუბაძე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში განისაზღვრება ინოვაციური სტარტაპის სტატუსი და ამ სტატუსის მქონე კომპანიებს 3 წლის განმავლობაში ყველა გადასახადი გაუნულდება. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
პრემიერმა დასახელა სამი ინოვაციური მიმართულება, რომელიც ინოვაციური სტარტაპის სტატუსს მიიღებს: ხელოვნური ინტელექტი, ფაგიო და აგროტექნოლოგიები.
მთავრობის მეთაურის თქმით, შესაბამისი კანონპროექტი უახლოეს მომავალში საქართველოს მთავრობის მიერ დაინიცირდება.