logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

Georgian Products-ის წარმოებული შინაური ცხოველების ავეჯი, ქართულ ბაზარზე გაზაფხულიდან გაიყიდება

შინაური ცხოველთა ავეჯის და სნეკის მწარმოებელი კომპანია Georgian Products ადგილობრივ  ბაზარზე გაყიდვებს იწყებს. როგორც კომპანიის  დამფუძნებელმა, დავით ბარდაველიძემ ‘’ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა, ქართულ ბაზარს შინაური ცხოველების ავეჯის, საკვებისა და თავის მოვლის საშუალებების დიდ ასორტიმენტს შესთავაზებს.

მისივე ინფორმაციით, პროდუქციის რეალიზაცია ინტერნეტ პორტალის საშუალებით მოხდება.

’გლობალურ ბაზრებზე 2015 წლიდან გავდივართ. ამ ეტაპზე გადავწყვიტეთ, რომ პროდუქცია ქართველ მომხმარებელსაც შევთავაზოთ, თუმცა პარალელურად ექსპორტის მიმართულებას გავაძლიერებთ. ადგილობრივი მომხმარებელი ჩვენს პროდუქციას კარგად იცნობს, თუმცა აქამდე ექსპორტზე ვიყავით ორიენტირებულები. გლობალური ბაზრების პარალელურად, უკვე ქართული ბაზრისთვისაც შევქმნით პროდუქციას. ეს იქნება შინაური ცხოველების ავეჯი, აქსესუარები, ასევე საკვები და თავის მოვლის საშუალებები, რაზეც დიდი მოთხოვნაა. 

ამისთვის იქმნება  ინტერნეტპორტალი და ჩვენ თვითონ გავალთ მომხმარებლამდე.  სამზადისი დაწყებული, ვემზადებით და ონლაინ გაყიდვებს გაზაფხულზე დავიწყებთ“, - აცხადებს დავით ბარდაველიძე.

მისი ინფორმაციით, ქართველ მომხმარებელს შესთავაზებენ სრულ ასორტიმენტს როგორც საკუთარი წარმოებიდან, ასევე გერმანულ ბრენდებს, რაზეც გერმანელ პარტნიორებთან შეთანხმება მიღწეულია.

პროექტის საინვესტიციო ღირებულება $ 800 000 -ს შეადგენს.

ცნობისთვის, ცხოველების ავეჯის საწარმო Georgian Products-ი 2014 წელს ამოქმედდა. ჯერჯერობით პროდუქციის რეალიზაცია სრულად ექსპორტზე ხდება. კომპანია აშშ-სა და ევროპის ბაზრებზე ოპერირებს და  დღეისთვის მისი წლიური წარმადობა 1 მლნ ერთეული ავეჯია.

Georgian Products-ი  550 ადამიანს ასაქმებს.

გამოგვყევით