logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

"ვმუშაობ, ზღვაში ღვინის დაძველების პროექტის უცხოეთში გადატანაზე" - დავით ნიკოლეიშვილი

ვმუშაობ, ზღვაში ღვინის დაძველების პროექტის უცხოეთში გადატანაზე, - ამის შესახებ იდეის ავტორმა, ზღვის ეკოლოგმა, დაივინგის  ინსტრუქტორმა, "საქართველოს წყალქვეშა ცურვის ასოციაციის" თავმჯდომარემ დავით ნიკოლეიშვილმა „ბიზნესპარტნიორთან“ განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოში წყალქვეშ ღვინის დაძველების და მუზეუმის პროექტის განხორციელება შეუძლებელია, რადგან ამისთვის შესაბამისი უწყების მხრიდან ტერიტორიის გამოყოფა არ ხდება.

"მთელი აქცენტი ღვინის ზღვაში დავარგებაზე მაქვს გადატანილი. ხელი გვეშლება, რადგან ტერიტორია არ გვაქვს, არ ხდება ამისთვის ტერიტორიის გამოყოფა, იჯარით ვერ ვიღებთ და ეს დიდი პრობლემაა. კომპლექსურად ვმუშაობ, ვცდილობ ისეთი პროექტი გავაკეთო, რომელიც ღვინის დაძველების გარდა წყალქვეშა ატრაქციების მოწყობასაც გულისხმობს. პიანინო უკვე ჩავძირე ჩემი სახსრებით და ძალებით, რაც დიდ ინტერესს იწვევს, მაგრამ კიდევ შეიძლება მეტად განვითარება, მაგრამ ამის საშუალებას არ გვაძლევენ. ძალიან ბევრჯერ მივწერე მთავრობის წარმომადგენლებს, თუმცა უშედეგოდ. სწორედ ამიტომ მე არ ვარ გაჩერებული, ჩემი პროექტები ევროპაში გავიტანე. ქვეყნების კანონმდებლობა შევისწავლე და მინდა, რომ წყალქვეშა ღვინის მუზეუმის პროექტი უცხოეთში გადავიტანო. ამჟამად ტექნოლოგიაზე ვმუშაობ და მოლაპარაკებები მაქვს სხვადასხვა ქვეყანასთან. მაგალითად, რუმინეთიდან ფრენჩაიზის შემოთავაზებაც მქონდა. 

საქართველოში ინვესტორების მხრიდანაც მქონდა შემოთავაზება, მაგრამ ზღვაში არ მაძლევენ ტერიტორიას და ფიზიკურად ვერ გავაკეთებ აღნიშნულ პროექტს. ევროკავშირში ამ პროექტის გადატანა კარგია იმ კუთხითაც, რომ იქ საინვესტიციო ფონდებია და ხელს გიწყობენ, რომ გრანტი აიღო და ინვესტიცია მოიპოვო", - აცხადებს დავით ნიკოლეიშვილი.

შეგახსენებთ, რომ დავით ნიკოლეიშვილი უკვე წლებია შავ ზღვაში ღვინოს აძველებს და შემდეგ აუქციონზე ყიდის. იდეის ავტორმა აღნიშნა, რომ მთავარი პრიორიტეტი და საქმიანობა წყალქვეშა მეღვინეობის განვითარებაა. დავით ნიკოლეიშვილის ინფორმაციით, წყალქვეშა მიმართულებების განვითარებისთვის სხვადასხვა უწყების, მათ შორის ეკონომიკის სამინისტროს და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მხარდაჭერა მნიშვნელოვანია. ზღვაში დაძველებული პირველი ქართული ღვინო 2021 წელს აუქციონზე 500 ლარად გაიყიდა.

გამოგვყევით