ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა ბათუმში მეზღვაურთა საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაში მიიღო მონაწილეობა და საზღვაო სექტორის წარმომადგენლებს პროფესიული დღე მიულოცა.
„მეზღვაურთა საერთაშორისო დღე არის გამორჩეული შესაძლებლობა, რათა განსაკუთრებული მადლობა გადავუხადოთ ადამიანებს, რომლებიც საქართველოს საზღვაო სფეროს მთავარ ძალას წარმოადგენენ და ჩვენი ქვეყნის სახელს ღირსეულად ატარებენ მსოფლიოს ზღვებსა და ოკეანეებში“, - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.
როგორც მარიამ ქვრივიშვილმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, ქართველი მეზღვაურები მსოფლიოს წამყვან ფლოტებში წარმატებით საქმიანობენ და თავიანთი პროფესიონალიზმით ადასტურებენ, რომ საქართველო ძლიერი საზღვაო ტრადიციებისა და მაღალი კვალიფიკაციის მქონე ადამიანური კაპიტალის ქვეყანაა. მისივე თქმით, ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო.
„ჩვენი ხელისუფლება თანმიმდევრულად მუშაობს იმისთვის, რომ ქართველ მეზღვაურებს ჰქონდეთ თანამედროვე, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი გარემო, ღირსეული დასაქმების შესაძლებლობები და დაცული შრომითი უფლებები. დღეს ქართველ მეზღვაურებს შეუძლიათ იმუშაონ მსოფლიოს 75 საზღვაო სახელმწიფოს დროშის ქვეშ მცურავ გემებზე, ხოლო მათი უფლებები დაცულია საერთაშორისო კონვენციებისა და სტანდარტების შესაბამისად. საზღვაო სექტორი საქართველოს ეკონომიკური განვითარების, საერთაშორისო ვაჭრობისა და ქვეყნის კონკურენტუნარიანობის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საყრდენია. სწორედ ამიტომ, საქართველოს ხელისუფლება განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს საზღვაო ინფრასტრუქტურის, პორტების, ლოგისტიკისა და საზღვაო განათლების განვითარებას”,- განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ ყაველაშვილმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძემ, აღმასრულებელი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა.