logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"ვგეგმავთ ექსპორტიორებს ფინანსური მხარდაჭერის განახლებული მექანიზმები შევთავაზოთ" - ირაკლი გაბრიაძე

დღეიდან გეგმაში გვაქვს, რომ ექსპორტიორებს   სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერა -  ფინანსური მხარდაჭერის განახლებული მექანიზმები შევთავაზოთ , - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, კორპორაციის ერთ-ერთი მიზანი ისეთი კომპანიების რაოდენობის ზრდის ხელშეწყობა იქნება, რომლებიც საქართველოდან ქართული პროდუქციის ექსპორტს განახორციელებენ.

"ექსპორტის მიმართულებით საკმაოდ საინტერესო ძვრები გვაქვს. 7 მლრდ დოლარს გადააჭარბა საქართველოდან ექსპორტმა, საიდანაც დაახლოებით, 3.5 მლრდ დოლარია ადგილობრივი ექსპორტის წილი და გვაქვს ასევე, საინტერესო ტენდენციები. სულ ქვეყანაში დაახლოებით, 11 000 ექსპორტიორი გვყავს, საიდანაც უმეტესობა არის რეექსპორტიორი, ანუ ჯერ იმპორტს ახორციელებს და შემდეგ ექსპორტს. დაახლოებით, 2700 კომპანიაზე ვსაუბრობთ, რომლებიც ქართული პროდუქციის ექსპორტს ახორციელებს. ეს არის ჩვენი სამიზნე კომპანიები და კორპორაციის მიზანი ასეთი კომპანიების გამრავლებაა. სააგენტო და კორპორაცია აქამდე ექსპორტიორებს მხარდაჭერის სხვადასხვა მექანიზმს სთავაზობდა და ეს გამოიხატებოდა მაგალითად, საერთაშორისო გამოფენებში მონაწილეობაში, ტრენინგ კურსების შეთავაზებაში და ა.შ. დღეიდან გეგმაში გვაქვს, რომ შევთავაზოთ სხვადასხვა ფინანსური მხარდაჭერა, განახლებული ფინანსური მხარდაჭერის მექანიზმები. მაგალითად, 2025 წელს ჩვენი სესხის სუბსიდირებაში გავაჩინეთ სპეციალური ტერმინი საექსპორტო სესხი - ეს გულისხმობს იმას, რომ მეწარმეს, რომელსაც სურს, რომ პროდუქცია საექსპორტოდ აწარმოოს, შეუძლია საბრუნავი საშუალებებისთვის მეწარმეს შეუძლია, საბრუნავი საშუალებებისთვის სესხი 100%-იანი მოცულობით მიიღოს. ჩვენ უზრუნველვყოფთ პროცენტის სუბსიდირებას და ამ სესხის 90%-იან გარანტიას.  მას შეუძლია გამოიყენოს ნედლეულის შესაძენად და შემდეგ მოსამზადებლად. შემდეგი ნაბიჯები, რომლებსაც  ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულებით გადავდგამთ ეს იქნება ფინანსურ პროდუქტებთან დაკავშირებული. ასევე,  კიდევ ერთი ნაბიჯი ექსპორტის მიმართულებით, რომელიც სიახლე იქნება საზოგადოებისთვის - ეს არის ლოჯისტიკასთან და დასაწყობებასთან დაკავშირებული ხარჯების თანადაფინანსება. ამ მიმართულებით კონკრეტული პროგრამა მომდევნო თვეში უკვე გვექნება. 

ზოგადად ექსპორტის მიმართულებას ვუყურებთ ერთ-ერთ ყველაზე პრიორიტეტულ მიმართულებად და გვინდა, რომ ჩამოვაყალიბოთ კომპლექსური მიდგომა. გვინდა ექსპორტიორებს, ან ექსპორტით დაინტერესებულებს შევთავაზოთ საკმაოდ ვრცელი ტექნიკური დახმარების პროგრამა, რაც გულისხმობს იმას, რომ მათთან ერთად დავსხდეთ და გავიაროთ და გავიაზროთ ის პრობლემები, რომლებიც აფერხებს ექსპორტის  განხორციელებას, მათ შორის, სერტიფიცირებასთან დაკავშირებული პრობლემები, წარმოების მოცულობასთან დაკავშირებული პრობლემები, ხარისხის სტაბილურობასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვ.", - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე. 

ცნობისთვის, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად გარდაიქმნა.

გამოგვყევით