მომდევნო 10 წლის განმავლობაში კორპორაციას აქვს ამბიცია, რომ ხელი შეუწყოს 40 მლრდ ლარის ინვესტირების მოზიდვას ქართულ კერძო სექტორში. ეს არის გრძელვადიანი გეგმა, - ამის შესახებ საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის ხელმძღვანელმა ირაკლი გაბრიაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისი თქმით, დღეს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა და მათ შორის, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების სიმცირე წარმოადგენს. ირაკლი გაბრიაძის განმარტებით, კორპორაცია სექტორის წინაშე არსებული გამოწვევების შესავსებად აქტიურად იმუშავებს.
"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციას ზურგს უმაგრებს ის 12 -წლიანი გამოცდილება, რომელიც სააგენტო "აწარმოე საქართველოში"-მ დააგროვა. კორპორაციას საკმაოდ ამბიციური გეგმები აქვს. ეს გარდაქმნა გამოწვეულია განვითარების იმ ეტაპიდან და გამოწვევებიდან, რომელიც დღეს ქართული ბიზნესისა და კერძო სექტორის წინაშე დგას. უნდა აღინიშნოს პრობლემა, რომელიც წლების განმავლობაში დგას - ეს არის ფინანსებზე ხელმისაწვდომობა. მაგალითად, საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით ფინანსებზე მცირე და საშუალო ბიზნესის სექტორში დაახლოებით, ჩამორჩება მის პოტენციურ დონეს, რომელიც შეიძლება იყოს მშპ-ს 15%-ის ოდენობით. ეს არის 15 მლრდ ლარი, რომელიც უნდა ყოფილიყო მოზიდული მცირე და საშუალო ბიზნესისთვის და დღეს არ აქვთ ამ რესურსზე წვდომა. ამას მრავალი მიზეზი აქვს, მათ შორის, დაფინანსების ალტერნატიული წყაროების სიმცირე და მეორე მიზეზი შეიძლება იყოს ის, რომ ტრადიციულ წყაროებშიც გვაქვს გამოწვევები. ამასთან, მესამე გამოწვევაა ცოდნისა და გამოცდილების გაზიარება, რომელსაც ხელშეწყობა სჭირდება. ამ სამი მიმართულებით გავაკეთებთ ფოკუსირებას. პირველი რასაც გავაკეთებთ - ეს იქნება ბონდების პროექტის გაფართოება და უფრო მეტი მხარდაჭერა იმ ბიზნესების, რომლებიც ფიქრობენ, რომ დაფინანსების ახალი რესურსი ამ ინსტრუმენტით მოიზიდონ. მეორე ეს არის კაპიტალის ფონდების შექმნის მხარდაჭერა, სააგენტო კაპიტალის ფონდებში მსხვილ ინვესტირებას მოახდენს. და მესამე მსხვილი მიმართულება, რომლის მიმართულებითაც მიმდინარეობს ნაბიჯების გადადგმა - ეს არის ფაქტორინგის მიმართულება, რომელსაც უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ მცირე და საშუალო ბიზნეს მიეცეს დაფინანსებაზე წვდომა.
რაც შეეხება - არსებული წყაროების გამრავალფეროვნებას. თუ აქამდე "აწარმოე საქართველოში" სესხის პროცენტის სუბსიდირებით საკრედიტო საგარანტიო სქემით, მიკროსესხით მხარს უჭერდა ფინანსებზე ხელმისაწვდომობას - ეს ინსტრუმენტები გაგრძელდება, თუმცა ახალი სასესხო ინსტრუმენტები დაემატება, როგორიც არის სინდიცირებული სესხი სხვა ფინანსურ ინსტიტუტებთან ერთად. ანუ კორპორაცია იქნება სესხის ერთ-ერთი გამცემი, რასაც აქამდე არ აკეთებდა და აქამდე სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამით შემოიფარგლებოდა. ასევე, ამ გეგმას აქვს გაგრძელება, რომ კორპორაციამ თავად შეძლოს კონკრეტული მიმართულებებით დაფინანსების შეთავაზება. ჩვენ გვაქვს ამბიცია, რომ (საფინანსო სექტორის) არ ვიყოთ კონკურენტები და ვიყოთ პარტნიორები, რათა შევავსოთ ის გამოწვევები, რომლებიც არსებობს მაგალითად, საბანკო სექტორის წინაშე. გამოწვევები რამდენიმე ტიპისაა - საპროცენტო განაკვეთის მოცულობა და ზომა, დაფინანსებისთვის უძრავი ქონების ან სხვა ტიპის უზრუნველყოფის მოთხოვნა და მესამე, საპროექტო დაფინანსების ნაკლებობა. ჩვენ როდესაც დავიწყებთ სინდიცირებული სესხების გაცემას - უზრუნველყოფის მოთხოვნა გვექნება გაცილებით უფრო დაბალი, ვიდრე ექნებოდა კლასიკურად ფინანსურ ინსტიტუტს.
დღეს თუ გადახედავთ მცირე და საშუალო ბიზნესის დაფინანსების წყარო არის საბანკო კრედიტი. დაახლოებით, 28 მლრდ ლარის საბანკო კრედიტია დღესდღეობით, რასაც მცირე და საშუალო ბიზნესი იყენებს. სესხის პროცენტის სუბსიდირების პროგრამა გაგრძელდება შეუფერხებლად. ამჯერად უნდა მოგვმართონ კორპორაციას, თუმცა სისტემა იგივე რჩება", - აცხადებს ირაკლი გაბრიაძე.
ცნობისთვის, სააგენტო "აწარმოე საქართველოში" საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად გარდაიქმნა.