logo
Loading data...
მთავარი ეკონომიკა

სტატია

"საქართველოში ადგილობრივი წარმოება ცალსახად უნდა გაძლიერდეს" - ირაკლი მარგველაშვილი

საქართველოში ადგილობრივი წარმოება ცალსახად უნდა გაძლიერდეს. რაც მეტი ადგილობრივი წარმოების მაღალი ხარისხის მედიკამენტი გვექნება ეს არის კონკურენციის საკითხი, რომელიც ყოველთვის შეძლებს ფასის დაწევას, -  ამის შემდეგ საერთაშორისო ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენელთა ასოციაციის ხელმძღვანელმა  ირაკლი მარგველაშვილმა  გადაცემა "ბიზნესპარტნიორის" ღამის ეთერში განაცხადა. 

მისივე ინფორმაციით, საკითხი კომპლექსურია. იმისთვის, რომ მედიკამენტების ფასი შემცირდეს, საჭიროა რისკების გათვალისწინებით რეფერენტული ფასების მოცვის გაფართოება.  

"ჩვენ უპრიანი იქნება გამოვიყენოთ ტერმინი სამართლიანი ფასი, რადგან ძვირისა და იაფის შედარება ყოველთვის რთულია. მედიკამენტის ფასი შედგება იმ ფასისგან, რომელსაც მწარმოებელი ადებს, შემდეგ ლოგისტიკური რგოლი და სხვა რგოლები. საქართველოში ფასწარმოქმნის მექანიზმი ზუსტად ამ პრინციპს ეფუძნება - შევადაროთ ფასები ჩვენს მიერ შერჩეულ 4 ქვეყანას, ვინაიდან ეს 4 ქვეყანა ახლოს არის ჩვენთან ეკონომიკურად. ამ ოთხი ქვეყნიდან ვიღებთ ყველაზე დაბალ ფასს. დღეს საქართველოში მიმოქცევაში არის 11 500-ზე მეტი მედიკამენტი, საიდანაც რეფერენტული ფასი  7023 მედიკამენტზე ვრცელდება. 

რეფერენტული ფასი არის მაქსიმალური ფასი, რომელზე მეტადაც კონკრეტული დასახელების მედიკამენტი საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ აფთიაქებში ვერ გაიყიდება. შესაძლოა გაიყიდოს ნაკლებად, თუმცა მეტად ვერ გაიყიდება. აქედან გამომდინარე, არსებული რისკების და გამოცდილების გათვალისწინებით რეფერენტული ფასების მოცვა უნდა გავაფართოოთ. 

როდესაც რეფერენტული ფასები შემოვიდა 7023 მედიკამენტზე სხვადასხვა მონაცემით ფასები ზოგიერთ პოზიციაზე 15%-დან 80%-მდე შემცირდა, ანუ ეს არის შედეგი და გამოცდილება, რომელიც ჩვენ გვაქვს ბოლო 3 წლის განმავლობაში. ეს არის პირველი არგუმენტი, რომელიც გვაძლევს საშუალებას ვიფიქროთ იმაზე, რომ როდესაც რეფერენტული ფასწარმოქმნა სხვა მედიკამენტების ჯგუფზეც გავრცელდება - ამ მხრივ ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება გვექნება. მეორე, ფასების ცვლილებაზე მოქმედებს მედიკამენტებზე დანახარჯი, არაპირდაპირი ფაქტორები. მაგალითად, სახელმწიფოში დანერგილია ე.წ. პირდაპირი შესყიდვა მომწოდებლისგან, როცა სახელმწიფო ხელშეკრულებას პირდაპირ კომპანიასთან დებს, შუამავალი რგოლების გარეშე და ძვირადღირებული მედიკამენტები გაცილებით დიდი ეკონომიაა ბიუჯეტისთვის, რომელსაც შემდეგ აწვდის ქრონიკულ დაავადებებს. შესაბამისად, ასეთი ტიპის მოწოდებების გაზრდა ძვირადღირებულ მედიკამენტებზე და ასევე, რეფერენტული ფასის სისტემის გაზრდა დანარჩენ მედიკამენტებზე", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

მანვე აღნიშნა, რომ არასწორად გამოყენებული მედიკამენტები მთელს მსოფლიოში აღიარებულია, რომ გამოყენებული მედიკამენტის 30%-ს შეადგენს და მათ შორის, საქართველოში ამ მხრივ რეგულაციები ფაქტობრივად არ არის.

"ერთი კომპონენტია კიდევ მნიშვნელოვანი, რომ მედიკამენტის დანახარჯში არ შედის არასწორად გამოყენებული და დანიშნული მედიკამენტი. თვითმკურნალობა ძალიან დიდი პრობლემაა საქართველოში, თუმცა საკითხი კომპლექსურია. ადამიანი იძახის, რომ ამ თვეში ეს თანხა დავხარჯე მედიკამენტებში და ეს არის მისი სოციალური წნეხი და არა მარტო კონკრეტული მედიკამენტის ფასი. ამ მიმართულებითაც უნდა ვიმუშაოთ, რადგან ესეც პრობლემაა და ესეც შეამცირებს ხარჯს, თუმცა უახლოესი ნაბიჯია რეფერენტული სისტემის გაფართოება", - აცხადებს ირაკლი მარგველაშვილი.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა 2025 წლის ბოლოს განაცხადა, რომ სასურსათო პროდუქტებზე ქართულ და ევროპულ ფასებს შორის სხვაობა მართლაც დიდია.

მთავრობის მეთაურის თქმით, ფასებს შორის სხვაობას განაპირობებს სადისტრიბუციო კომპანიებისა და მარკეტების მაღალი ფასნამატი, რომელიც საქართველოს საზღვრიდან დახლამდე საშუალოდ 86%-ს შეადგენს. პრემიერმა აღნიშნა, რომ მოგების მაღალი მარჟის პირობებში, კომპანიები მარკეტების ქსელს სწრაფად აფართოებენ.

მისივე თქმით, წინასწარი ანალიზის საფუძველზე, შეიძლება გამოიკვეთოს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი, რომელიც მაღალ ფასნამატს და შესაბამისად, მაღალ ფასებს განაპირობებს. მათ შორის, არსებული პრაქტიკა აჩენს ეჭვს, რომ ბაზრის მოთამაშეები შესაძლოა, შეთანხმებულად, კარტელური პრინციპით მოქმედებდნენ.

ასევე მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით  შექმნილია სამთავრობო საკოორდინაციო კომისია,  რომელსაც  პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს.  პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი,  კომისიის წარმომადგენლები პროდუქტის მაღალ ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. 22 იანვარს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური რამდენიმე ათეულ სადისტრიბუციო და სასურსათო პროდუქტის რეალიზაციის ქსელში შევიდნენ და დოკუმენტაცია მოითხოვეს. 23 იანვარს "ფასების სამთავრობო კომისიამ"  შეხვედრა დისტრიბუტორებთან გამართა.

26 იანვარს მარკეტების და დისტრიბუციის შემდეგ "ფასების სამთავრობო კომისია" მწარმოებლებს შეხვდა. 28 იანვარს კომისია ფარმაცევტებს შეხვდა. 

გამოგვყევით