logo
Loading data...
მთავარი ფინანსები

სტატია

საბანკო სექტორის კაპიტალიზაციის, ლიკვიდურობის და სესხების ხარისხის მაჩვენებლები გაუმჯობესდა - მარიამ ხარაიშვილი

საბანკო სექტორის კაპიტალიზაციის, ადეკვატურობის, ლიკვიდურობის და სესხების ხარისხის მაჩვენებლები წელსაც გაუმჯობესდა. შემცირდა ფინანსური სტრესის ინდექსიც,  - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის ანალიზისა და მაკროფინანსური მოდელირების განყოფილების უფროსმა მარიამ ხარაიშვილმა საქართველოს რადიოს გადაცემა  "ბიზნესპარტნიორი პიკის საათში" ფინანსური სტაბილურობის ანგარიშზე საუბრისას განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, საქართველოს ფინანსური სექტორი მდგრადია.

ანგარიშში გამოქვეყნებული მაჩვენებლების თანახმად, შინამეურნეობის სესხების ხარისხი  არის მაღალი, ხოლო სესხების მომსახურებისა და უზრუნველყოფის კოეფიციენტების განაწილება ჯანსაღია. ასევე, ჯანსაღი ტენდენციები გვაქვს არაფინანსური კომპანიების მიმართულებით. აღნიშნული კომპანიების ზრდა სტაბილური ტემპით გრძელდება. მდგრადია უძრავი ქონების ბაზარიც. მოგეხსენებათ, რომ უძრავი ქონების ბაზარზე ქირის ფასის ინდექსი მნიშვნელოვნად გახლდათ გაზრდილი, თუმცა 2023 წლიდან ამ ინდექსმა შემცირება დაიწყო. აღნიშნული ფინანსური სტაბილურობის კუთხით საფრთხის შემცველი არ არის.

რაც შეეხება ეროვნული ბანკის მიერ გაანალიზებულ ფინანსურ სექტორს -  მაჩვენებლები გაუმჯობესებულია. 2024 წლის აგვისტოს მონაცემებით სესხების ზრდის ტემპი 16.6%-ია. ეს მცირედით მაღალია მის გრძელვადიან დონეზე, თუმცა უნდა ითქვას, რომ ეს არის იმ ძლიერი ეკონომიკური ზრდის ასახვა, რომელიც მიმდინარე ეტაპზე გვაქვს საქართველოში.

რისკები ფინანსური სტაბილურობის თანმდევი პროცესია. ყოველთვის არსებობს რისკი, რომელსაც კომიტეტი აფასებს და დგამს შესაბამის ნაბიჯებს. მიმდინარე რისკები შემდეგნაირად გამოიყურება - რეგიონში გეოპოლიტიკური კონფლიქტების შესაძლო გახანგრძლივება, რაც თავის მხრივ შესაძლებელია ინფლაციური წნეხის წყარო გახდეს, ამას ასევე ხელს უწყობს წითელი ზღვის აკვატორიაში მიმდინარე მოვლენებიც. ზოგადად ტურბულენტური გეოპოლიტიკური გარემო უარყოფითად აისახება ინვესტორთა განწყობაზე და შეიძლება, ქვეყნის სუვერენული რისკის გადაფასება გამოიწვიოს. გარდა ამისა, ერთ-ერთ რისკს წარმოადგენს წამყვანი ცენტრალური ბანკების მხრიდან გლობალურად გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან შენელებული გამოსვლა“, - აცხადებს მარიამ ხარაიშვილი.

ცნობისთვის, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2024 წლის ფინანსური სტაბილურობის ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტში გაანალიზებულია ფინანსურ სისტემაში საშუალო და გრძელვადიან პერიოდებში არსებული მოწყვლადობები და რისკები.

გამოგვყევით