Google-ის მფლობელი Alphabet მიუახლოვდა მიზანს - შეიძინოს კიბერუსაფრთხოების მზარდი სტარტაპი Wiz.
CNN-ის ცნობით, ტექ-გიგანტი მოლაპარაკებებში დაწინაურდა, რომლის თანახმადაც კომპანია Wiz-ს $23 მილიარდად შეიძენს.
Wiz ღრუბლოვანი სისტემებისთვის კიბერუსაფრთხოების პროგრამულ უზრუნველყოფას აწარმოებს. მისი ხელში ჩაგდება Google-ისთვის კიბერუსაფრთხოების მიმართულებით უმთავრესი ნაბიჯი, ხოლო ტრანზაქცია - ტექნოლოგიური გიგანტის ისტორიაში ყველაზე დიდი შენაძენი იქნება.
Google-სა და Wiz-ს შორის მოლაპარაკებები მას შემდეგ დაიწყო, რაც სტარტაპმა ვენჩურული კაპიტალის ინვესტორებისგან წლის დასაწყისში $1 მილიარდი მოიზიდა.
თუკი, მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა, ეს გარიგება გადააჭარბებს Google-ის მიერ Motorola-ს შესყიდვის ტრანზაქციის მოცულობას, რომელიც, დაახლოებით ათი წლის წინ $12,5 მილიარდად შედგა - ეს კომპანიის ისტორიაში ჯერჯერობით, ყველაზე დიდი შესყიდვაა.
აღსანიშნავია, რომ Wiz-ის ამჟამინდელი ფასი $23 მილიარდი თითქმის ორჯერ აღემატება სტარტაპის $12 მილიარდიანი დაფინანსების ბოლო რაუნდს.
2022 წლის მარტში Alphabet-მა $5,4 მილიარდად უკვე იყიდა კიბერუსაფრთხოების კომპანია Mandiant - როგორც მისი ძალისხმევის ნაწილი - დაეხმაროს კომპანიებს კიბერსაფრთხეების უკეთ დაძლევაში და ღრუბლოვანი კომპიუტერული ბიზნესის გასაძლიერებაში.
ბოლო წლებში ღრუბლოვანი უსაფრთხოება განსაკუთრებით მნიშვნელოვანი გახდა, რადგან კომპანიებმა მონაცემების ღრუბლოვან პლატფორმებზე გადასატანად დიდი თანხები დახარჯეს.
CNN-ის წყაროს ცნობით, Google-Wiz-ის გარიგების შესახებ ინტენსიური მოლაპარაკებები გრძელდება, მიუხედავად ბაიდენის ადმინისტრაციის მხრიდან ტექნოლოგიური გიგანტების ინტენსიური ანტიმონოპოლიური შემოწმებისა.
ნიუ-იორკში დაფუძნებული Wiz-ის მკვეთრი აღმავლობა 2020 წლის მარტში, კოვიდ-19-ის პანდემიის დროიდან იწყება. დღეს კი, კომპანია ამბობს, რომ „Fortune 100“ კომპანიის 40% მისი კლიენტია. ცნობილ მომხმარებლებს შორის არიან BMW, Slack და Salesforce. ამასთან, სტარტაპი მუშაობს ღრუბლოვან კომპანიებთან, მათ შორის Amazon, Microsoft და Google.