„ჩვენ ვუშვებთ მაღალი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულებს, მაგრამ მაღალი კვალიფიკაციის კურსდამთავრებულების გამოშვება გამოწვევა იყო და კიდევ უფრო მწვავეა დღევანდელი კონკურენციის პირობებში. ეს არის კომპლექსური პრობლემა. ეს დეფიციტი განპირობებულია სხვადასხვა ფაქტორით და ერთ-ერთია რეზიდენტურა, - ამის შესახებ თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორმა ირაკლი ნატროშვილმა „ბიზნესპარტნიორის“ ღამის ეთერში ისაუბრა.
მისი თქმით, ზოგადად ექიმების რაოდენობა ქვეყანაში დღეს დეფიციტი არ არის, მაგრამ სიმცირე გვაქვს ვიწრო სპეციალობებში. სამედიცინო პროფესიების მიმართ ინტერესის კლების გამომწვევ ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად პროფესორმა რეზიდენტურა დაასახალა.
„სამედიცინო პროფესიებზე, ყველამ ვიცით, რომ სწავლა არის ძალიან ხანგრძლივი და ამას ვერაფერს უზამ, რადგან სხვანაირად ვერ მოიცავ ყველა საგანს და საათს, რომლებიც სავალდებულოა სწავლების პირველ საფეხურზე, საბაკალავრო განათლებისთვის. მაგრამ, ახალგაზრდები უყურებენ - ამდენი წელი უნდა ვისწავლო, მერე უნდა ვეძებო რეზიდენტურაში ადგილი, რამდენად მოვიპოვებ რეზიდენტურის დაფინანსებას - ეს ახანგრძლივებს ამ პროცესს და ამიტომ ნელ-ნელა, არა მარტო საქართველოში, არამედ მთელ მსოფლიოში, სამწუხაროდ, სამედიცინო პროფესიების მიმართ ინტერესი კლებულობს. სწორედ ეს გვაჩვენა ბაზრის კვლევამ“, - განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.
თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის რექტორის შეფასებით, რეზიდენტურის დაფინანსება, ან ნაწილობრივი დაფინანსება სახელმწიფო უნივერსიტეტში მაინც, სამედიცინო პროფესიების მიმართ ინტერესს ისევ გაზრდის.
„ჩვენ დავაყენეთ პრობლემა, რომ რეზიდენტურა იყოს დაფინანსებული ან ნაწილობრივად დაფინანსებული. გრანტების პრინციპი შეიძლება იყოს აქ გამოყენებული, მაგრამ ეს უკვე სამსჯელო საკითხია. მაგრამ, თუ რეზიდენტურის საკითხი გადაწყდება მე დარწმუნებული ვარ, რომ ინტერესი სამედიცინო პროფესიების მიმართ ისევ მოიმატებს და რა თქმა უნდა ის დეფიციტი, რომელიც გვაქვს ვიწრო სპეციალობებში ძალიან მალე აღმოიფხვრება“,- განაცხადა ირაკლი ნატროშვილმა.