logo
Loading data...
მთავარი საზოგადოება

სტატია

ზოგადი განათლების რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა - რა იცვლება?

ზოგადი განათლების სისტემის რეფორმის ეროვნული კონცეფცია დამტკიცდა. მთავრობის შესაბამისი განკარგულება 26 იანვრით თარიღდება. დოკუმენტის თანახმად, დღევანდელი სასკოლო განათლება კომპლექსური  გამოწვევების წინაშეა და ვერ პასუხობს თანამედროვე მოთხოვნებს. კონცეფციის მიხედვით სკოლის დაფინანსების არსებული მოდელი გაუმჯობესდება და საგანმანათლებლო დაწესებულების ინდივიდუალურ საჭიროებებზე მორგებული გახდება. მასწავლებლების კვალიფიკაციის ამაღლებისთვის კი პროფესიული განვითარების შესაბამისი მოდელი შეიქმნება.

დაწყებით საფეხურზე სწავლის ასაკი განისაზღვრება 6 წლით. ეს გულისხმობს მოსწავლის სკოლაში ჩარიცხვას მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ მას 15 სექტემბრის ჩათვლით შეუსრულდა 6 წელი. ცვლილება იქნება პირველკლასელთა რეგისტრაციის პროცესშიც.  დიდ ქალაქებში, ბავშვის სკოლაში ჩარიცხვა მოხდება სარეგისტრაციო მისამართის მიხედვით.

ამასთან, 2026-2027 სასწავლო წლიდან დაწყებითი საფეხურის მოსწავლეებისთვის სავალდებულო გახდება სასკოლო ფორმის ტარება.

სკოლის საბაზო საფეხურზე  ჭარბი აკადემიური დატვირთვა ჩანაცვლდება ინტერაქციული სწავლით. სკოლის საშუალო საფეხურზე (მეათე-მეთერთმეტე კლასები) სასწავლო პროგრამები გახდება მიზანმიმართული და პროფესიული სწავლების პრინციპზე დაფუძნებული. 

ამასთან, მეთერთმეტე კლასში უზრუნველყოფილი იქნება რეპეტიტორიუმი, რაც საშუალებას მისცემს მოსწავლეებს სრულად მოემზადონ ეროვნული გამოცდებისთვის. აღნიშნული სიახლე შეეხება მოსწავლეებს, რომლებიც მეთერთმეტე კლასს 2027-2028 სასწავლო წელს დაასრულებენ. 

ამასთან, მეთორმეტე კლასი გახდება ნებაყოფლობითი იმ მოსწავლეებისთვის, რომლებიც დამატებით მოისურვებენ აკადემიური მზადყოფნის განმტკიცებას. შესაბამისად, მეთორმეტე კლასში სწავლა წარიმართება წინასწარი რეგისტრაციის საფუძველზე. 

გამოგვყევით