ქუთაისში, პარლამენტის ყოფილ შენობაში, სადაც მომავალ წელს ტექნოლოგიური ჰაბი გაიხსნება, სხდომათა დარბაზი სრულად შენარჩუნდება. გეგმაში გვაქვს, რომ 2026 წელს მსოფლიო ტექნოლოგიურ ფორუმს სწორედ იქ ვუმასპინძლოთ, - ამის შესახებ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტოს ხელმძღვანელმა ავთანდილ კასრაძემ გადაცემა "ბიზნესპარტნიორში" განაცხადა.
მისივე ინფორმაციით, ქუთაისი გახდება მიზიდულობის ცენტრი როგორც პოლიტიკური, ისე სასწავლო და ეკონომიკური მიმართულებით.
"ისტორიული გადაწყვეტილება იქნა მიღებული ქუთაისის მოსახლეობისთვის და ზოგადად, საქართველოს როგორც რეგიონალური ლიდერის კიდევ უფრო მყარად პოზიციონირებისთვის ტექნოლოგიებისა და ინოვაციების მიმართულებით. უნიკალური დანიშნულების ფუნქცია მიენიჭება ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბს. განსაკუთრებით მინდა გამოვყო მთელ კავკასიაში პირველი და მასშტაბური სამეცნიერო ტექნოლოგიური მუზეუმი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი იქნება ჩვენი მომავალი თაობისთვის. ნებისმიერი ექსპონატი იქნება ინტერაქციული. განსხვავებით ტრადიციული მუზეუმებისგან, სადაც შედიხარ და ათვალიერებ - აქ ექსპონატთან გაქვს უშუალო ინტერაქცია და ხედავ შენი შეხებით გამოწვეულ შედეგებს. ეს არის სწავლების განსაკუთრებული მექანიზმი, რომელიც ახალ თაობას უყვარს. კომპიუტერულ ეპოქაში წიგნით ისე ვერ ინტერესდებიან განსაკუთრებით, როდესაც ტექნოლოგიებზე ვსაუბრობთ. მუზეუმში შესვლა ფასიანი იქნება, თუმცა სკოლის მოსწავლეებისთვის შეღავათიანი ტარიფი იქნება.
ქართველი ერის ნიჭიერებაში არავის ეჭვი არ ეპარება, მაგრამ ყოველთვის გვაკლდა თანამედროვე ცოდნასთან წვდომა. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ქვეყანას ციფრული ტრანსფორმაცია და ინფორმაციის ახალი არხები სჭირდებოდა. შესაბამისად, ჩვენ ამას უზრუნველვყოფთ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში. ასევე, აქ იქნება საქართველოში ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი და ხელოვნური ინტელექტის ყველაზე დიდი computer power და DATA ცენტრი", - აცხადებს ავთანდილ კასრაძე.
მანვე აღნიშნა, რომ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს და ტექნოლოგიური ჰაბი 2025 წლის ოქტომბერში გაიხსნება.
ცნობისთვის, ქუთაისში ტექნოლოგიური ჰაბი სხვადასხვა კომპონენტს გააერთიანებს. ტერიტორიაზე მოეწყობა ინტერაქციული - სამეცნიერო-ტექნოლოგიური მუზეუმი, სტარტაპ აქსელერატორი, საერთაშორისო IT სკოლა, საკონფერენციო სივრცე, საერთო სამუშაო სივრცე, ქართული ხელოვნური ინტელექტის განვითარებისთვის მძლავრი მონაცემთა ცენტრი, ელექტრონიკის, რობოტიკის, დრონების, IoT, STEAM, სამრეწველო ინოვაციების (fablab) და სხვა ექსპერიმენტული ლაბორატორიები. შესაბამისად, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ტექნოლოგიური პარკი სწორედ ქუთაისის ტექნოლოგიურ ჰაბში განთავსდება.