logo
Loading data...
მთავარი ბიზნესი

სტატია

საბავშვო ტანსაცმლის ქართული ბრენდი "ნიკოლი" ჩინეთის ბაზარზეც გაიყიდება

საბავშვო ტანსაცმლის მწარმოებელი ქართული ბრენდი ნიკოლი ექსპორტზე ჩინეთში გავიდა. როგორც კომპანიის დამფუძნებელმა "ბიზნესპარტნიორთან" განაცხადა, პირველი შეკვეთა ჩინეთში გუშინ გაიგზავნა.

მისივე ინფორმაციით, კომპანია საექსპორტო ამბიციების განვითარებას აზიის მიმართულებით გეგმავს.

"პირველი შეკვეთა გაიგზავნა და ვგეგმავთ, რომ ჩინეთის საერთაშორისო გამოფენებშიც მივიღოთ მონაწილეობა. ვინარჩუნებთ ჩინურ კომპანიასთან კონტაქტს და ვიმედოვნებთ, რომ ამას რეგულარული სახე მიეცემა. ჩვენი პროდუქციის მიმართ ინტერესი ყოველთვის მაღალია. სინგაპურიდანაც გვაქვს საკმაოდ კარგი შემოთავაზებები და შესაბამისად ვფიქრობთ, რომ ამ მიმართულებით განვავითაროთ ჩვენი საექსპორტო გეგმები. გვაქვს მოლოდინი, რომ ჩინეთის გამოფენა ჩვენთვის კიდევ უფრო პროდუქტიული იქნება", - აღნიშნა ნიკა ნიკოლაიშვილმა.

კომპანიის დამფუძნებლის ცნობით, "ნიკოლი" ორიენტირებულია ხარისხზე და ტანსაცმლის წარმოებისთვის ნედლეული თურქეთიდან შემოაქვთ.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ტანსაცმლის ბრენდი „ნიკოლი“ ქართულ ბაზარზე 2017 წლიდან ოპერირებს. კომპანია, ამჟამად, 4 მაღაზიას ფლობს, მათ შორის, 3 - თბილისში, 1 - ბათუმში. „ნიკოლის“ პროდუქცია ექსპორტზე უკვე ექვს ქვეყანაში, მათ შორის, საუდის არაბეთში, კანადაში, ლიბანში, დიდ ბრიტანეთში, ისრაელსა და ქუვეითში გადის.

გამოგვყევით